logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციის წარმომადგენლებს, დასხდნენ პარლამენტში, გამოიყენონ თავიანთი მანდატი და საპარლამენტო ტრიბუნა
- +

1 მარტი. 2021. 13:55

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ, ოპოზიციურ სპექტრს დიალოგისა და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ქუჩაში მიმდინარე პროცესები უფრო პერფორმანსს ჰგავს, ვიდრე ხალხის ნების დემონსტრირებას.

 

„არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, არც ერთი ოფიციალური წარმომადგენლობის თუ საელჩოს მოწოდებაში არ გვსმენია სანქციებზე საუბარი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, შევეშვათ სპეკულაციებს, სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციის წარმომადგენლებს, დასხდნენ პარლამენტში, გამოიყენონ თავიანთი მანდატი და საპარლამენტო ტრიბუნა, ნაცვლად იმისა, რომ ვეცადოთ ქუჩაში გადავიტანოთ გარკვეული გაუგებარი პროცესები, რომელიც უფრო ჰგავს პერფორმანსს, ვიდრე ხალხის ნების გამოხატვას“, - განაცხადა ბითაძემ.

 

მან ოპოზიციის მიერ დაანონსებული საპროტესტო აქციები შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი ტიპის ქუჩის აქციები არაეფექტიანია, რასაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც ადასტურებენ.

 

„ქართული ოცნება" მოლაპარაკებებისთვის და კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არის. ამ მიზნით ჩვენ საგამოძიებო კომისიასაც ვქმნით. არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ერთპროცენტიანი ცდომილების შემთხვევაშიც კი, დაიწყება მსჯელობა არჩევნების შედეგების გადახედვასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ამის მოსმენა ოპოზიციის ერთ ნაწილს არ უნდა. ვფიქრობ, ამიტომ არის გაუგებრობა ოპოზიციაშიც. ყველაფერი ეს ერთ დიდ გაუგებრობას დაემსგავსა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, მოისმინოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოწოდება, ისევე როგორც ევროკავშირის და აშშ-ის, შემოვიდნენ პარლამენტში და პოლიტიკური დიალოგის, კომპრომისის ხარჯზე ერთმანეთისგან განვასხვავოთ პოლიტიკა და სამართალი, დავიწყოთ მსჯელობა ყველა იმ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო სისტემის დახვეწასთან, ყველა იმ კითხვაზე პასუხის გაცემასთან, რომელიც ასე ძალიან აწუხებთ ჩვენს ოპოზიციონერებს“,- განაცხადა ბითაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner