logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი ხურვალეთში სტუმრობისას: ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივებისთვის მეთქვა - მარტონი არ ხართ
- +

1 მარტი. 2021. 14:06

 

„ვიცით, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ვითარება ძალიან რთული და კომპლექსურია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივებისთვის მეთქვა - მარტონი არ ხართ“, - ამის შესახებ შარლ მიშელმა ხურვალეთში განაცხადა, სადაც საოკუპაციო ხაზზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანია იმ რეფორმების იმპლემენტაცია, რომლებიც არა ევროპას, არამედ საქართველოს მოსახლეობას სჭირდება. ესენია კანონის უზენაესობა, კორუფციასთან ბრძოლა და ამბიციური ეკონომიკური პროგრესის განვითარების მნიშვნელობა. COVID-19 დიდი გამოწვევაა როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ აღდგენის სტრატეგიაზე ვიმუშავებთ, რაც მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ასევე, შევეცდებით ჩვენი როლი შევასრულოთ ვაქცინაციის საკითხშიც, რათა გამოვაჩინოთ ჩვენი სრული სოლიდარობა. დღეს ჩემი ვიზიტი ევროკავშირის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისადმი მხარდაჭერის გამოხატვის შესაძლებლობაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა მიშელმა.

 

მანამდე მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. შემდეგ კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შარლ მიშელი საქართველოს ხვალ, 2 მარტს დატოვებს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner