logo_geo
eng_logo
ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს
- +

12 აპრილი. 2021. 13:32

 

ზურაბ ადეიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მოითხოვა. ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს. ყოფილ გენერალურ პროკურორსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს განცხადება უკვე შეტანილი აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

 

ინფორმაციას „კურიერს" სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უდასტურებს, სადაც აცხადებენ, რომ საკითხის განხილვა უკვე დაწყებულია და კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმე მაისში დასრულდება.

 

შეგახსენებთ, ზურაბ ადეიშვილმა საქართველო 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების დღეს დატოვა. მას საქართველოში სასამართლოს მიერ განაჩენი აქვს გამოტანილი ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის და მისი დარბევის საქმეზე. მას პატიმრობა აქვს მისჯილი „აკურას" ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზეც. ასევე ბრალდებულია ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე.

 

ადეიშვილი ასევე მსჯავრდებულია ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და მისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმესთან დაკავშირებით. ზურაბ ადეიშვილს ბრალი აქვს წარდგენილი ციხეში პატიმართა მიმართ დამამცირებელი მოპყრობის პროვოცირების საქმესთან დაკავშირებითაც (ე.წ. ციხის კადრების საქმე). მას ასევე ბრალი აქვს წარდგენილი პარლამენტარ კობა დავითაშვილის ცემის საქმეზე.

 

რამდენიმე საქმეში ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილზე წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ინტერპოლს 2013 წლის 10 იანვარს მიმართა. შუამდგომლობა 2013 წლის 14 ნოემბერს დაკმაყოფილდა და ზურაბ ადეიშვილი საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდა. ინტერპოლმა საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი 2015 წლის აპრილში გააუქმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner