logo_geo
eng_logo
მარინა კალიურანდი: მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, გამოიჩინეთ ანალოგიური სიმამაცე და თქვენც მოაწერეთ ხელი დოკუმენტს
- +

17 აპრილი. 2021. 15:03

 

 

„მივესალმები მთელი გულით, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ხელი მოაწერს კომპრომისულ დოკუმენტს, რომელიც ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით იყო მიღებული, რაც მიმართულია არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის ძიებისკენ,“ – ამის შესახებ ესტონელი ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი „ტვიტერში“ წერს.

 

ევროდეპუტატი მმართველი პარტიის გადაწყვეტილების შემდეგ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიმამაცე და ხელი მოაწერონ დოკუმენტს.

 

„დარწმუნებული ვარ, ეს კომპრომისული დოკუმენტი სთავაზობს მხარეებს, ბალანსირებულ გამოსავალს და ითვალისწინებს ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესებს.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, ყურადღების ცენტრში პირველ რიგში იყო მმართველი პარტია. ახლა, როდესაც ამ უკანასკნელმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს გასულ შემოდგომას გამართული არჩევნების შემდეგ, გამოიჩინეთ ანალოგიური სიმამაცე და კეთილსინდისიერება და აგრეთვე მოაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს.

 

ისტორიამ ბევრ მაგალითზე გვასწავლა, რომ დიდმა პატრიოტებმა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნეებმა იციან, რომ გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს არაპოპულარული მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელი მათი ქვეყნისთვის საუკეთესოს მისაღწევად“, – წერს კალიურანდი.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, გუშინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

 

კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner