logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“: დოკუმენტზე ჩვენი ხელმოწერა უკვე დაფიქსირებულია - ახლა ჯერი ოპოზიციაზეა
- +

18 აპრილი. 2021. 19:19

 

„მოვუწოდებთ ოპოზიციას, ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაფერზე მაღლა და ხელი მოაწეროს დოკუმენტს“, - ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ოპოზიციის ნაწილმა უარი განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეების მიერ მინიჭებული საპარლამენტო მანდატის განხორციელებაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გამოხატა მზადყოფნა, ჩართულიყო მხარეებს შორის მედიაციაში. პრეზიდენტმა მიშელმა გამოაგზავნა მისი წარმომადგენელი კრისტიან დენიელსონი, რომელმაც ევროკავშირის ეგიდით შეაფასა მხარეთა პოზიციები და აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების აქტიური ჩართულობით შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც მხარეებს შორის სამართლიანი შეთანხმების პირობებს ადგენდა.

 

„ქართულმა ოცნებამ“, ქვეყნის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს და დამატებით გამოხატა მზადყოფნა თვითმმართველობის არჩევნებზე ნდობის 40%-იანი პრინციპის გამოყენებაზე. „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმების მისაღწევად არაერთი მნიშვნელოვანი კომპრომისული ნაბიჯი გადადგა.

 

ჩვენი მხრიდან ევროკავშირისა და პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა უკვე დაფიქსირებულია. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მოვუწოდებთ ოპოზიციას, ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაფერზე მაღლა და ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს.

 

კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენ ოპონენტებს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. საქართველო ებრძვის პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. რეგიონში შექმნილია რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ასეთ დროს, მიგვაჩნია, რომ მთელი ქვეყანა უნდა იყოს გაერთიანებული საერთო გამოწვევების გარშემო, ხოლო პოლიტიკოსები ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაზე უნდა მუშაობდნენ“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

17 აპრილს საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მხარეებს შორის კომპრომისი აუცილებელია.

 

იქამდე, 16 აპრილს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner