logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: დაჩქარებული წესით ამნისტიის შესახებ კანონი ვერ მიიღება - დაახლოებით ერთ თვემდე დასჭირდება
- +

21 აპრილი. 2021. 12:40

 

 

„დაჩქარებული წესით ამნისტიის შესახებ კანონი ვერ მიიღება - დაახლოებით სამი კვირა, ერთ თვემდე დასჭირდება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, ისინი შეეცდებიან კანონპროექტი შემჭიდროვებულ ვადებში დაამტკიცონ და მასზე მუშაობა ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად დღესვე დაიწყება. იქნება თუ არა დღესვე შეხვედრა პარლამენტში, შალვა პაპუაშვილი ვერ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ მათთან კომუნიკაცია ექნებათ.

 

„შეთანხმების ხელმოწერისთანავე შეთანხმების ხელმომწერი დეპუტატები შედიან პარლამენტში და აქტიურად ერთვებიან მუშაობაში. ეს ნათელია და ამაზე ყველა შევთანხმდით, მათ შორის, გუშინ საღამოს. ამიტომ დღეიდან ჩვენს კოლეგებთან ერთად ვიწყებთ მუშაობას ამნისტიის კანონზე, რა თქმა უნდა, ეს პროექტი თანამშრომლობით იქნება შემუშავებული და სამშაბათს მოხდება ამ პროექტის ინიცირება, მათ შორის, ჩვენი კოლეგები სამშაბათს უკვე დაესწრებიან სხდომას. მოხდება ინიცირება და იცით, რეგლამენტით გათვალისწინებულია სამი მოსმენა. დაჩქარებული წესით ეს კანონი ვერ მიიღება, ვინაიდან არის ახალი კანონი. დაჩქარებული წესით ხდება მხოლოდ ცვლილებების მიღება, თუმცა, შევეცდებით შეძლებისდაგვარად შემჭიდროვებულ ვადებში იქნას მიღებული. დაახლოებით სამი კვირა, ერთ თვემდე დასჭირდება. ჩვენ კოლეგებთან ერთად შევიმუშავებთ კანონპროექტს, იქნება სამუშაო შეხვედრა თუ „იმეილებით“ გაცვლა, მაგრამ ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მისი თქმით, ამნისტია შეეხება 20 ივნისის მონაწილე ყველა იმ პირს, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული.

 

„ეს შეეხება როგორც ნიკა მელიას, ისე მასთან ერთად ძალადობაში ბრალდებულ სხვა პირებს, ასევე პოლიციელებს“,- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner