logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: თუკი ადამიანი ამნისტიის წინააღმდეგია, როგორ შეიძლება ძალით იქნეს ამნისტირებული, ეს მგონი, ლოგიკაშიც არ ჯდება
- +

5 მაისი. 2021. 13:30

 

 

„თუკი ადამიანი წინააღმდეგია ამნისტიის, როგორ შეიძლება ძალით იქნეს ამნისტირებული, ეს მგონი, ლოგიკაშიც არ ჯდება“,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

 

კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო ამნისტიის შესახებ კანონპროექტში ბრალდებულისა და მსჯავრდებულის თანხმობის ჩადება, როცა მსგავსი პრაქტიკა მათი ხელისუფლების პირობებში მიღებულ კანონებში არ არსებობს, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ სამართლებრივ ნიუანსებზე მსჯელობა შეიძლება გაგრძელდეს.

 

„აქ (ამნისტიის) უარყოფაზეა ლაპარაკი და იმსჯელონ იურისტებმა და მხარეებმა ამასთან დაკავშირებით, რომლებიც არიან მოლაპარაკების მაგიდასთან. საზოგადოების აზრი არის კონკრეტული და შეესაბამება იმ სულისკვეთებას, რაც დოკუმენტშია ჩადებული. აქედან გამომდინარე, იურიდიული ნიუანსების თემაზე შეიძლება გავაგრძელოთ მსჯელობა, მაგრამ ვფიქრობ, ამას გარკვეული ფორმატი სჭირდება, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან იურისტები და არა პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებსაც სურთ, რომ პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ ამ შეთანხმებიდან", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

რაც შეეხება პროექტით გათვალისწინებულ შესაძლებლობას, რომ ამნისტია შეიძლება გავრცელდეს 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სამომავლოდ გამოკვეთილ შესაძლო დანაშაულებზეც, ვოლსკი აცხადებს, რომ „თავად მელიასთვის მხოლოდ 225-ე მუხლის მიყენება მომავალში, შეიძლება არც იყოს საკმარისი და ვინმეს გაუჩნდეს მოსაზრება, რომ ეს მხოლოდ ჯგუფური ძალადობა არ იყო".

 

„ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ქმედება იყო, რომელმაც მძიმე შედეგები გამოიწვია, სწორედ ამას პასუხობს ის პროექტი, რომელიც წარმოვადგინეთ, რომ გადავრჩეთ დაპირისპირების იმ უწყვეტ ჯაჭვს, რომელიც წარმოქმნა „ნაცმოძრაობის“ პოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner