logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გერმანია გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას
- +

6 მაისი. 2021. 10:42

 

 

საპარლამენტო დელეგაცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ბერლინში შეხვედრებს დღეს გააგრძელებს. ირაკლი კობახიძე ბუნდესტაგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებზე მომხსენებელსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს მიგელ ბერგერს შეხვდება. გუშინ გამართულ შეხვედრებზე საუბრისას კობახიძემ გერმანიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე გააკეთა აქცენტი.

 

„ჩვენ შევეხეთ აბსოლუტურად ყველა თემას, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, შიდაპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე. გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში. შესაბამისად, ჩვენი საუბრები შეეხო საქართველოს ინტერესსა და სურვილს გახდეს ერთი და მეორე გაერთიანების წევრი და ამ კუთხით გერმანიის მხარდაჭერას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ამაზე გავაკეთეთ აქცენტი აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე და რა თქმა უნდა, მივიღეთ პირობა, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას ორივე მიმართულებით.

 

ჩვენი გერმანელი მეგობრები არიან ინფორმირებულები ყველაფერთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. მათ შორის ისინი არიან ინფორმირებულები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. რა თქმა უნდა, მათი სურვილია პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგეს თანამშრომლობა და ამისკენ მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას. იცით, რომ ჩვენ ვასრულებთ შეთანხმებას, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და დიდი იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციაც ზუსტად ანალოგიური დამოკიდებულებით ამოირჩევა ამ შეთანხმების მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

 

ქართული დელეგაცია ბერლინში შეხვედრებს 5 მაისიდან მართავს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner