logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: მელიამ დაადასტურა, რომ ყველაფერი, რასაც დღემდე აკეთებდა, იყო მხოლოდ სააკაშვილის ინტერესებისთვის გაკეთებული
- +

7 მაისი. 2021. 17:29

 

 

„ვერც ერთი პროვოკაციული გზით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეძლო წარმატების მიღწევა. სწორედ ამის ცალსახა და ხაზგასმითი დასტურია ის პოზიცია, რომელიც დღეს შეიქმნა ნიკანორ მელიამ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

 

მან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც დღეს ნიკა მელია საპატიმროში მოინახულა.

 

მათიკაშვილის თქმით, დღეს ვისმენთ განცხადებას, რომ ნიკა მელია მოწყალედ დათანხმდა ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოზე.

 

„მიშა სააკაშვილის პოხონდრიების აყოლა ძალიან მძიმედ დაუჯდა ნიკანორ მელიას. ფაქტია, რომ საკუთარი თავი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა და ფორმალურმა ლიდერმა ჩიხში შეიყვანა. შეგვიძლია დავითვალოთ, უკვე მერამდენედ იცვლის ეს ადამიანი თავის განწყობას და პოზიციას. ჯერ ამბობდა – ვერ დამიჭერთ, არ გადავიხდიო. მერე – ვერ გამომიშვებთ, არ გამოვალ აქედანო, შემდეგ გაურკვეველ პოზიციაზე იყო, როდესაც ცოტა ხნის წინ მისი ადვოკატი კონდახაშვილი საუბრობდა. დღეს კი ვისმენთ განცხადებას, რომ მოწყალედ დათანხმდა ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოზე. ამ ყველაფრის მიუხედავად „ნაციონალურ მოძრაობას“ სახის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ეს იმის დასტურია, რასაც რეალურად ამდენი ხანი „ქართული ოცნება“ და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ერთხმად ამბობდა, რომ არაფრის გამო ხდებოდა პრობლემის შექმნა. იყო პროვოკაცია, საგნებს თავისი სახელი დავარქვათ. ვერც ერთი პროვოკაციული გზით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ იარა და ვერ შეძლო წარმატების მიღწევა. სწორედ ამის ცალსახა და ხაზგასმითი დასტურია ის პოზიცია, რომელიც დღეს შეიქმნა ნიკანორ მელიამ. ფაქტია, რომ მიშა სააკაშვილს საქართველოში ყველა გეგმა ჩაეფუშა, რაც დესტრუქციასა და დესტაბილიზაციას გულისხმობდა. საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის ქვეშ ისინი იძულებულნი გახდნენ დათანხმებოდნენ იმ გარემოებას, რაც საზოგადოებისთვის ისედაც კარგად იყო აქამდე ცნობილი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

რაც შეეხება გიორგი ბოტკოველის განცხადებას, რომ ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდა იქნება ცივილიზებული სამყაროს მხრიდან პოლიტიკური პატიმრის გამოსასყიდი, მათიკაშვილი „ფანტაზიებში გადასვლად“ აფასებს.

 

„კიდევ ფანტაზიებში გავდივართ. საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების გასაღება გვინდა ქვეყნის ინტერესებად. ამაზე მეტყველებს ბოტკოველის კიდევ ერთი ტყუილი და სიცრუე, რომელიც თქვა. ეს არის ევროკავშირის მხრიდან შემოთავაზება იმ კონკრეტული მიმართულებით, რომელიც ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის იქნებოდა სასარგებლო. ასეთი გაკაპასებული და ზღვარსგადასული ამბიციებით გაჟღენთილი ადამიანებისთვის, ეს იყო ევროკავშირის მხრიდან მოძებნილი გამოსავალი, რომელიც საშუალებას მისცემდა პოლიტიკურ პროცესებს სტაბილური გზით ეარა. ნიკანორ მელიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყველაფერი, რასაც დღემდე აკეთებდა, იყო მხოლოდ მიშა სააკაშვილის ინტერესებისთვის გაკეთებული და აქ ქვეყნის ინტერესი, თუნდაც რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესი, რომ გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს, რა თქმა უნდა, არ იყო“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner