logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: არ მივცეთ საშუალება პოლიტიკოსებს, რომ თუ მათი მხრიდან სავარაუდო გადაცდომა ან დანაშაულია ჩადენილი, პოლიტიკოსის სტატუსს ამოეფარონ
- +

11 მაისი. 2021. 17:52

 

 

„ყველამ შევხედოთ კონკრეტული საკითხების შინაარსს, მის სამართლებრივ მდგენელს და არ მივცეთ საშუალება პოლიტიკოსებს, რომ თუკი მათი მხრიდან სავარაუდო გადაცდომა ან დანაშაული არის ჩადენილი, პოლიტიკოსის სტატუსს ამოეფარონ და მოითხოვონ ინდულგენცია ყველა მათი ქმედებისთვის“,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ოპოზიციური პარტიების კრიტიკას, რომელიც დღეს გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში პროცესის ჩანიშვნას მოჰყვა.

 

მისი განცხადებით, საქართველოში ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და მსგავსი საკითხების განხილვისას ყურადღება სწორედ სამართლებრივ მდგენელებზე უნდა გამახვილდეს.

 

„ყველა ადამიანი ამ ქვეყანაში არის თანასწორი, ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და ჩვენ ერთადერთი კრიტერიუმი, რითაც უნდა განვიხილოთ ასეთი საკითხები, არის სამართლებრივი კრიტერიუმები. ამიტომ, ყველამ შევხედოთ კონკრეტული საკითხების შინაარსს, მის სამართლებრივ მდგენელს და არ მივცეთ საშუალება პოლიტიკოსებს, არც ერთ პოლიტიკოსს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მათი მხრიდან სავარაუდო გადაცდომა ან დანაშაულია ჩადენილი, იმის გამო, რომ პოლიტიკაში არიან, ამოეფარონ ამ სტატუსს და მოითხოვონ ინდულგენცია ყველა მათი ქმედებისთვის. მნიშვნელობა არ აქვს ვის ეხება ეს, ყველას მოვუწოდებ, რომ შეხედოს შინაარსს და შინაარსში თუ ჩავიხედებით, ბევრი ადამიანი თავისთვის უკვე გამოიტანს დასკვნას, რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში, თბილისის აეროპორტში 2 წლის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიციონერი ლიდერის, ბრალდებულ გიგი უგულავას სასამართლო პროცესი დაინიშნა. სხდომა 13 მაისს ჩატარდება. შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner