logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ეს არის ტიპური რუსული პროპაგანდა, როდესაც ხდება ადამიანისთვის რაღაცის დაბრალება
- +

13 სექტემბერი. 2021. 13:15

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები სუს-ის აგენტები არიან, ფაბრიკაცია და „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდის ნაწილი უწოდა

 

მისი თქმით, სამწუხარო რეალობა ქართულ მედიაში ის არის, როდესაც ადამიანებს მტკიცებულებების გარეშე აბრალებენ რაღაცებს და შემდეგ აქვთ მოლოდინი, რომ ამ ადამიანებმა თავი უნდა იმართლონ.

 

„ჩვენ ჩვენს საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ ოპოზიცია, განსაკუთრებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეხება ეს, არ აწარმოებს საერთოდ ნამდვილ წინასაარჩევნო კამპანიას და მოსალოდნელი იყო არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე „მედიური“ საარჩევნო კამპანია, რომელიც მთლიანად დაფუძნებული იქნებოდა დისკრედიტაციაზე, დეზინფორმაციაზე, ზიზღის ენაზე. ამის მოწმე ვართ ახლა ჩვენ, მათ შორის, ამ შაბათ-კვირასაც გავხდით ამის მოწმე კიდევ ერთხელ, რომ სამწუხაროდ, ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ გადართულია სრულად ზიზღის ენასა და დისკრედიტაციაზე. რასაც ჩვენ ვისმენთ, ეს არის სრული ფაბრიკაცია, მათ შორის, ვხედავთ, რომ რაიმე მტკიცებულებებიც არ აქვთ ხოლმე ამის შესახებ. ერთადერთი მიზანი არის, რომ მოახდინონ კიდევ ერთხელ კანდიდატების დისკრედიტაცია, ვინაიდან ხვდებიან, რომ 2 ოქტომბერს არჩევნებს პირწმინდად წააგებენ.

 

ჩვენ რასაც ვხედავთ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ადამიანები და ამ შემთხვევაში მედიის წარმომადგენლები, ტალახს ესვრიან ადამიანებს, ახდენენ მათ დისკრედიტაციას, ეს არის ტიპიური ფორმა პროპაგანდის. პროპაგანდა, რომელიც ეფუძნება ჭორებს, მოგონილ ამბებს, როდესაც ცდილობენ ადამიანებს რაღაც ამბავი მიაწოდონ, როგორც ფაქტი და სინამდვილეში ეს არის ყველაფერი გამოგონილი,“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ასევე, ფაბრიკაცია და რუსული პროპაგანდის მაგალითი უწოდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ხელისუფლება სასულიერო პირებს ფარულად უსმენს და მათ დაშანტაჟებას ცდილობს.

 

შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მიმართა და მსგავსი ინფორმაციის გავრცელებამდე მისი გადამოწმება სთხოვა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner