logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, რომ არჩევნებამდე შეუძლებელია, რაიმე საპარლამენტო შეკრება შედგეს
- +

20 სექტემბერი. 2021. 18:57

 

 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველამ იცის, რომ არჩევნებამდე საპარლამენტო სხდომა ვერ შედგება და რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე საუბარი სპეკულაციაა.

 

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ღიაა და არჩევნების შემდგომ პერიოდში გაიმართება საპარლამენტო სხდომები, საპარლამენტო განხილვები ყველა საკითხთან დაკავშირებით.

 

„ყველამ იცის, რომ არჩევნებამდე საპარლამენტო სხდომა ვერ შედგება, შესაბამისად, ეს არის ერთგვარი სპეკულაცია. რაც შეეხება არჩევნეების შემდგომ პერიოდს, რა თქმა უნდა, შედგება საპარლამენტო სხდომები, საპარლამენტო განხილვები, ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია და გახსნილი, მაგრამ ყველამ იცის, რომ არჩევნებამდე შეუძლებელია, რაიმე საპარლამენტო შეკრება შედგეს მათ შორის იმის გამოც, რომ თითოეული დეპუტატი, როგორც მაჟორიტარი, ისე არამაჟორიტარი, არის ჩართული საარჩევნო აგიტაციაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

ამ დროისთვის სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ განაცხადეს, რომ ხელი მოაწერეს „ლელოს“ ინიციატივას გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომის მოწვევაზე. ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, ამ თემაზე ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგის დროს უკვე გააკეთა განცხადება, რომელიც ნიშნავს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ აღნიშნულ ინიციატივას მხარს დაუჭერს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner