logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: ქვეყანას ჰყავს პატრიოტი, ღირსეული ვაჟკაცი ღარიბაშვილი და გავაგრძელებთ დემოკრატიულ წინსვლას
- +

8 ოქტომბერი. 2021. 13:41

 

 

„სააკაშვილი პოლიტპატიმრად აღიქვა, იგივეა, პოლიტპატიმრად აღიქვა მთელი ის კასტა, რომელმაც ქვეყანას სისხლიანი რეჟიმი მოუწყო, რომელსაც მოსახლეობამ 2012 წელს ლეგიტიმურად უპანღურა - რაოდენ მაღალი რანგის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ვერც ერთს ვერ დავეთანხმებით, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტარების განცხადებას.

 

მისი თქმით, ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და გადადგომა, მითუმეტეს, ვინმეს მოწოდებაზე წარსულს ჩაბარდა.

 

„ვინმე არის საქართველოში, ვინც სააკაშვილს პოლიტპატიმრად აღიქვამს, გარდა ხაბეიშვილისა და მასზე მოფანატე გიორგი ბარამიძის? მიხეილ სააკაშვილი აღიქვა პოლიტპატიმრად, იგივეა, აღიქვა პოლიტპატიმრად მეგის ქარდავა, ახალაია, ადეიშვილი, მერაბიშვილი და ა.შ. მთელი ის კასტა, რომელიც ადამიანებს პირდაპირ აწამებდა და ქვეყანას მოუწყო ის სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ და მოსახლეობამ სრულიად ლეგიტიმურად 2012 წელს უპანღურა. რაოდენ მაღალი რანგის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ვერც ერთს ვერ დავეთანხმებით, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ის არის ავანტიურისტი, კრიმინალი და ის იყო მთავარი არქიტექტორი იმის, რაც საზოგადოებას კარგად ახსოვს - ქუჩაში დახოცილი ადამიანები, შავებში ჩაცმული მშობლები. ქვეყანას ჰყავს უაღრესად ეფექტური, ქვეყანაზე შეყვარებული, პატრიოტი, ღირსეული ვაჟკაცი ღარიბაშვილი, ამიტომ არანაირი გადადგომა, მითუმეტეს ვინმეს მოწოდებაზე, ეს დრო წარსულს ჩაბარდა და ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიულ წინსვლას იმის მიუხედავად რას იტყვის ხაბეიშვილი და რას დაანონსებს გაფარჩაკებული ბარამიძე“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

 

ცნობისათვის, ევროპარლამენტარები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ და აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში ამგვარ განცხადებას გადადგომა მოჰყვებოდა. „ეს აჩვენებს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე ფაქტობრივად პოლიტიკურია, რაც სავალალოა და შეუთავსებელია ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან,"- აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner