logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: სააკაშვილის შემთხვევაში ჯანმრთელობის გაუარესების არავითარი რეალური რისკი არ არსებობს, სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე
- +

13 ოქტომბერი. 2021. 13:24

 

 

„მინდა ყველა დავარწმუნო, იქნება ეს ერში თუ ბერში, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პენიტენციურ სამსახურში არ არსებობს არავითარი პრობლემა, რომ პატიმრის სამედიცინო პრობლემები სათანადოდ იყოს მიხედილი, თანამედროვე სტანდარტის დაცვით, მათ შორის როდესაც პატიმარი გადაწყვეტს იშიმშილოს, რაც მისი უფლებაა. ასე რომ, მოვუწოდებ ყველას, ჩახედოს სტატისტიკას, რამდენად დაბალია სიკვდილიანობა ქართულ ციხეებში და რამდენად მაღალია თუნდაც სამოქალაქო სექტორის კლინიკებში პატიმრების გადაყვანა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თქმით, სისტემა ეფექტიანად მუშაობს და ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხე არ არსებობს.

 

„მე მახსოვს, რომ ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობისას, პრაქტიკულად განულდა ის ნაშთი, რაც გულისხმობდა რიგში დგომას საოპერაციოდ სამოქალაქო კლინიკაში გასვლაზე. შესაბამისად, სისტემა მუშაობს, სისტემა ეფექტიანია, და რა საკვირველია, არაფერი არის არც დაფარული და არც დამალული. მე მესმის იმ ადამიანების, ვინც ვიზუალურად რომ ვერ ხედავს პატიმარს, ფიქრობს ცუდზე, მაგრამ სასამართლო სხდომებიც იქნება. ნებისმიერ დეპუტატს აქვს შესვლის უფლება, სახალხო დამცველს აქვს შესვლის უფლება და თუკი ნებისმიერი სხვა მექანიზმი გამოიძებნება, რომ ამ ადამიანთან იყოს მეტი ვიზუალური კონტაქტი, რა თქმა უნდა, ის თითიდან გამოწოვილი ეჭვებიც განეიტრალდება და ჩვენ ყველა დავინახავთ, რომ ჯანმრთელობის გაუარესების არავითარი რეალური რისკი სააკაშვილის შემთხვევაში არ არსებობს. მით უმეტეს, არ არსებობს, ღმერთმა დაგვიფაროს, მისი გარდაცვალების რისკი. რისკი არ არსებობს იმიტომ, რომ სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner