logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნატალი ლუაზოს შეხვდა
- +

15 ოქტომბერი. 2021. 14:11

 

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნატალი ლუაზოს შეხვდნენ.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ახალ რეალობაზე, რუსეთის მზარდ გავლენაზე და ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრეს. მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე. ხაზი გაესვა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მათ შორის, ევროპარლამენტის მხარდაჭერის, ასევე, საქართველოს ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო ფორმატებში მაღალ დონეზე განხილვის მნიშვნელობას.

 

მაკა ბოჭორიშვილი მიესალმა რუსეთის ოკუპაციასთან და დესტრუქციულ ქმედებებთან მიმართებაში ევროპარლამენტის მკაცრ პოზიციას და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

მხარეები საპარლამენტო დონეზე ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე შეთანხმდნენ, რათა ხელი შეუწყონ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

 

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამომავლო გეგმებზე და ამ კუთხით ევროპარლამენტის მხარდაჭერაზე.

 

ნატალი ლუაზომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ასევე, ქვეყნის ევროინტეგრაციისა და რეფორმების მიმართ ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner