logo_geo
eng_logo
რა საკითხებზე გაამახვილა სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება შვეიცარიის პრეზიდენტთან შეხვედრისას
- +

15 ოქტომბერი. 2021. 17:10

 

 

შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტებმა მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს და პრესის შეკითხვებს უპასუხეს.

 

„ძალიან მოხარული ვარ და დიდი პატივია ჩემთვის, რომ ეს შვეიცარიაში საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტია. მიმდინარე და მომავალი წელი, ჩვენი ურთიერთობებისთვის, როგორც თქვენ აღნიშნეთ ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ 30 წელი უსრულდება ჩვენს დიპლომატიურ ურთიერთობებს, 25 წელი შესრულდა, რაც გაიხსნა თანამშრომლობის ოფისი საქართველოში, 20 წელი, რაც გაიხსნა შვეიცარიის საელჩო და ამდენი თარიღის ირგვლივ, მე მგონი, ეს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების მართლაც ახალი ეტაპია. პირველ რიგში, მადლობა გადავუხადე ბატონ პრეზიდენტს, შვეიცარიის მიერ საქართველოს მიმართ სოლიდარობისთვის, ეს არის სოლიდარობა ორ პატარა ქვეყანას შორის და რომელიც პირველ რიგში, შვეიცარიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მუდმივ მხარდაჭერაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც იცით ბევრად უფრო რთულ რეგიონში ვართ, ვიდრე შვეიცარიაა“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია შვეიცარიის მხარდაჭერა.

 

„პირველ რიგში, მინდა გამოვხატო ჩვენი მადლიერება იმ როლისთვის, რომელსაც შვეიცარია ასრულებს 2009 წლიდან, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდგომ და ჩვენი რეგიონების ოკუპაციის შემდგომ, შვეიცარია შუამავალია ჩვენსა და რუსეთს შორის და ასრულებს ამ როლს მოსკოვში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ ბატონი პრეზიდენტის როლი, როცა ზაზა გახელაძე გათავისუფლდა, მას შემდეგ, რაც მას ჰქონდა საშუალება, უმაღლეს დონეზე ესაუბრა რუსეთის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებული სიტუაცია, განვიხილეთ ის ფაქტი, რომ ეს პროცესი გრძელდება და დღეს 3 ადამიანია არალეგალურად დაკავებული. ეს ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი - ამ ხაზის აქეთ, თუ იქით“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

პრეზიდენტის განცხადებით, ჰუმანიტარული მდგომარეობა უფრო დამძიმდა კოვიდის პირობებში.

 

„ეს ვითარება გამოყენებულია იმისთვის, რომ ჩაკეტილიყო გადასასვლელი პუნქტები და არ მიეცათ ჩვენს მოქალაქეებს სამკურნალო საშუალებებით სარგებლობის საშუალება. ასევე, ხაზი გავუსვი იმას, თუ რა პირობებში იმყოფებიან ჩვენი მოქალაქეები, როცა მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ ეძლევათ ქართულ ენაზე განათლების მიღების საშუალება. ჩვენთვის და მთლიანად რეგიონისთვის ძალიან პრობლემატურია ის მილიტარიზაცია, რასაც ვუყურებთ პრაქტიკულად ყოველდღიურად ორივე რეგიონში, ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, ჟენევის მოლაპარაკებებზე, რომელიც ახლახან დასრულდა, არ ვხედავთ ჯერ მდგომარეობის რაიმე გაუმჯობესებას, ან რაიმე მომავალ გადაწყვეტილებას, რომელიც გადაწყვეტს ამ ძალიან რთულ და მძიმე პირობებს. შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონში შექმნილი მდგომარეობა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ, კონფლიქტი გაჩაღდა ჩვენს ორ მეზობელს შორის და, პირველ ეტაპზე, საქართველოს წარმატებული როლი მედიაციაში, რომელიც გაგრძელდება. ვიცი, რომ შვეიცარიაც ჩართულია ამ პროცესში. მისი სამშვიდობო როლი აქაც გამოიხატება და ყველასთვის ძალიან ნათელია, რომ ამ რეგიონში აუცილებელია სტაბილურობა, იმისთვის რომ განხორციელდეს ყველა ის სამომავლო პროექტი, რომელიც რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენი საუბრის მთავარი თემა ორმხრივი მიმართულებები და ორმხრივი თანამშრომლობა იყო. ასევე, ეკონომიკური ურთიერთობები, რომელთაც ძალიან დიდ პოტენციალი აქვთ, რამეთუ ჩვენს ქვეყნებს ბევრი საერთო აქვთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რომელიც შვეიცარიას აქვს. ეს იქნება ტურიზმის სექტორში, ენერგეტიკაში, ეკოლოგიაში, სოფლის მეურნეობის დარგში, სამთო ტურიზმში, სპორტში და იმ დარგში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი საქართველოსთვის და მისი ეკონომიკური განვითარებისათვის - პროფესიული განათლების დარგი. ასევე ტექნოლოგია, ინოვაცია, ყველაფერი ის, რაც პატარა ქვეყნისთვის იმას ნიშნავს, რომ ხვალინდელი ეკონომიკური განვითარება უფრო სრულყოფილი და ადვილი იქნება“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner