logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე ოპოზიციას: რა კომენტარები გაქვთ მთავარ გამყალბებლად შერაცხული თამარ ჟვანიასადმი ასეთი მაღალი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციის მხრიდან გამოთქმულ ნდობაზე?
- +

19 ოქტომბერი. 2021. 13:10

 

„საინტერესოა, რა კომენტარები გაქვთ თქვენს მიერ მთავარ გამყალბებლად შერაცხული თამარ ჟვანიასადმი ასეთი მაღალი ავტორიტეტის მქონე ამერიკული ორგანიზაციის მხრიდან გამოთქმულ ნდობაზე? - მე თქვენს ნაცვლად შემრცხვებოდა და ახლა მაინც მოვუხდიდი ბოდიშს“, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო ოპოზიციის მისამართით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააკეთა.

 

მიქანაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის ,თამარ ჟვანიას „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) უზბეკეთის წარმომადგენლობის დირექტორად დანიშვნას გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, ეს ყველაზე დიდი ამერიკული ორგანიზაციაა, რომელიც ამერიკის მთავრობის დაფინანსებით მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს.

 

„რაზე მეტყველებს ამერიკული მთავრობის მიერ დაფინანსებული არჩევნებზე მომუშავე ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად დანიშვნა? უპირველესად, თამარ ჟვანიას კომპეტენციის და პროფესიონალიზმის აღიარებაზე. როგორ ფიქრობთ, ძვირფასო ოპოზიციის წარმომადგენლებო, დანიშნავდა ეს ორგანიზაცია თავის წარმომადგენლად ადამიანს, რომელიც არჩევნებს გააყალბებდა?! პასუხიც ცხადია.

 

თუმცა, თამარ ჟვანიას კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის შესახებ თქვენ ისედაც ყველაფერი იცით, ისევე როგორც იცოდით და იცით იმის თაობაზე, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები არ გაყალბებულა. თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობით 2020 წელს, კოვიდპანდემიის რთული ვითარების პერიოდში, საარჩევნო ადმინისტრაციამ უმაღლეს დონეზე დააორგანიზა და ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები, რაც ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა თავის ანგარიშებში.

 

საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარება დამტკიცდა შესაბამისი არგუმენტებითა და მტკიცებულებებით პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ. იმ საგამოძიებო კომისიის მიერ, რომელშიც მონაწილეობაზე თქვენ უარი განაცხადეთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იცოდით რომ ბუნებაში არ არსებობდა ფაქტები, რაც არჩევნების გაყალბებაზე მიუთითებდა და თქვენს სიცრუით გაჟღენთილ 6-თვიან კამპანიას, საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების წინაშე სააშკარაოზე გამოიტანდა.

 

რა ვქნათ, რომ არც შარშანდელი არჩევნების შედეგები და არც წლევანდელი არჩევნების შედეგები თქვენს მოლოდინებს არ პასუხობს. უბრალოდ გაითავისეთ, რომ საზოგადოება დაიღალა თქვენგან, თქვენი დესტრუქციისა და სიცრუეზე აგებული კამპანიებისა და დაპირებებისგან“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner