logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: კიდევ ერთხელ შევიტანოთ სიცხადე, როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი
- +

27 ოქტომბერი. 2021. 17:50

 

 

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევიტანოთ სიცხადე, როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი, - ვბრუნდებით წარსულში, რომელიც დღემდე მძიმედ ახსოვს ჩვენს ხალხს, თუ მივიწევთ წინ, ქვეყნის შენებისკენ და განვითარებისკენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

 

„მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს მობრძანებისთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის. ჩვენ ვალდებული ვართ გავამართლოთ ეს ნდობა და ღირსეულად ვატაროთ პასუხისმგებლობის ტვირთი.

 

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევიტანოთ სიცხადე, როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი, - ვბრუნდებით წარსულში, რომელიც დღემდე მძიმედ ახსოვს ჩვენს ხალხს, თუ მივიწევთ წინ, ქვეყნის შენებისკენ და განვითარებისკენ. ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს თავის წვლილი შეაქვს საქართველოს განვითარების საქმეში, მიუხედავად იმისა, თუ რა პროფესიას წარმოვადგენთ - დღეს ჩვენ ყველა ამ ქვეყნის ჯარისკაცები ვართ, რომლებიც ერთად ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის.

 

მე ერთ ჩვეულებრივ ოჯახში გავიზარდე, პატივისცემის, სიყვარულის, მიტევების, ჩვენი ისტორიისა და კულტურის საწყისებზე და ყველაზე მთავარი რაც ვისწავლე არის ის, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ვიყოთ მართალი საკუთარ თავთან და ჩვენს ხალხთან, ვაკეთოთ ის, რაც ჩვენ ქვეყანას და მომავალს წაადგება.

 

ჩვენ მოვიარეთ მთელი საქართველო, ყველა მუნიციპალიტეტი. უნიკალური, გამორჩეული, განუსაზღვრელი შესაძლებლობის მქონე სამშობლო გვაქვს.

 

სწორედაც, თითოეული მუნიციპალიტეტის არსებული შესაძლებლობების გამოყენებისთვის და ახლის შექმნისთვის უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი თვითმმართველობა. საქართველო ვერ იქნება ძლიერი, თუ არ იქნება ძლიერი თბილისი და ძლიერი რეგიონები.

 

ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ თითოეულმა დაინტერესებულმა ადამიანმა მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს არის ის მიდგომა, რაც ძალიან სჭირდება რეგიონების განვითარებას. განსაკუთრებით მინდა მოვუწოდო ახალგაზრდებს, ჩვენი ქვეყნის მომავალს – მათი ინტელექტი, ახალგაზრდული ენერგია, ჟინი და მოტივაცია გამოიყენონ ქვეყნის საკეთილდღეოდ და მაქსიმალურად ჩაერთონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ჩვენი მხრივ გპირდებით, რომ თქვენთან ერთად გავაგრძელებთ ძლიერი, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, სადაც ყველას ექნება საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება.

 

ჩვენი გუნდის მთავარი საზრუნავი და ღირებულება ყოველთვის იყო ადამიანი და გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისათვის, რომ თითოეულმა ადამიანმა სწორედ ჩვენს ქვეყანაში შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება, თანაბარი შესაძლებლობების პირობებში და მათი შრომა გახდეს დაფასებული.

 

დღეს ჩვენ გვაქვს ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკა. პარლამენტი თავის მხრივ ყოველთვის იქნება როგორც მთავრობის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის გვერდით, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას და განვითარებას.

 

,,ქართული ოცნების“ პოლიტიკა იზიარებს ჩვენი ხალხის ისტორიულ არჩევანს და ეს არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პოლიტიკა. ევროინტეგრაცია არ არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური არჩევანი, ეს ისტორიული არჩევანი და ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნების საუკეთესო გზა. ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეძლო სრულიად ახალ დონეზე აეყვანა ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. დღეს ეს ურთიერთობები უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა. ჩვენი მიზანია დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა კუჭავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner