logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა არჩევანს გააკეთებს პროგრესის, სტაბილურობის, ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების სასარგებლოდ
- +

27 ოქტომბერი. 2021. 17:50

 

 

„დღეს, ისე როგორც არასდროს გვჭირდება გამარჯვებები. ჩვენ უნდა გვჯეროდეს ჩვენი ქვეყნის გამარჯვების და წარმატების“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო მოწინავე ქვეყანაა რეგიონში, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო, გამორჩეული ქვეყანა ვართ და ამას ჩვენ შევძლებთ შრომითა და საყოველთაო ეროვნული ერთიანობით.

 

„გამარჯვებაა, როცა თითოეული ოჯახი იქნება ძლიერი. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სიღარიბეზე, გამოწვევებზე, რომელიც სამწუხაროდ განუყოფელი ნაწილია ჩვენი ცხოვრების და აუცილებელია რომ მათთან გამკლავება იყოს ჩვენი ბრძოლის მთავარი მიზანი. შემდეგი სამი წელი ქვეყანაში უნდა დაეთმოს მხოლოდ და მხოლოდ წინსვლას, რეფორმებს - დაწყებული რეფორმების დასრულებას და ახალი რეფორმების დაწყებას.

 

რა თქმა უნდა მთავარ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება ოკუპაცია. მე მინდა მივესალმო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს და დავპირდე, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ერთად, გამთლიანებულ და მშვიდობიან საქართველოში ვიცხოვროთ.

 

მე მჯერა, რომ ჩვენ, ყველას გვინდა ვიხილოთ გაერთიანებული, ძლიერი, მიზანდასახული, შეუპოვარი და რაც მთავარია გამარჯვებული საქართველო და ეს შეუძლებელია, თუ არ ვიდგებით ერთად! ერთად უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა იმ წინაპრებისა და გმირების სახელით, რომლებმაც თავი შესწირეს დამოუკიდებელი ,ერთიანი და ძლიერი საქართველოს იდეას.

 

ჩემთვის არსებობს მხოლოდ ერთადერთი, მსოფლიოში გამორჩეული ისტორიის, კულტურის, რწმენისა და ევროპული მომავლის მქონე, ძლიერი და გაერთიანებული საქართველო.

 

მაშინაც, როცა მივიღე გადაწყვეტილება ჩვენს დიდ გუნდთან ერთად დამეწყო პოლიტიკური საქმიანობა ვთვლიდი და დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ,,ქართულ ოცნება“ უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა.

 

მოგიწოდებთ ყველას, მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო არჩევანი. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა არჩევანს გააკეთებს პროგრესის, სტაბილურობის, ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების სასარგებლოდ.

 

მე მჯერა, რომ 30 ოქტომბერი ქართული ოცნების, ქართული სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდება და ეს გამარჯვება იქნება გარანტი განვითარების, სტაბილურობისა და სიმშვიდის.

 

ჩემი ოცნებაა, რომ ჩემმა სამმა შვილმა და თქვენმა შვილებმა იცხოვროს ევროპულ, დემოკრატიულ, უსაფრთხო და ერთიან საქართველოში და ეს ოცნება აუცილებლად ახდება“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner