logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობაზე“: დღეს გამართული ცირკი, სპეციფიკური სუნის მქონე ხსნარის სხდომათა დარბაზში დასხმა კარგად უჩვენებს ამ ხალხის რეალურ სახეს
- +

26 ნოემბერი. 2021. 15:41

 

 

„დღეს დილიდან მთელი საზოგადოება დესტრუქციული ოპოზიციის კიდევ ერთ სპექტაკლს ვუყურებთ, რაც, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს შემადგენლობებს დაემტკიცებინა, შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორი, განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება იყო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სოზარ სუბარმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა გამოიყენა ის შესაძლებლობა, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა იძლევა.

 

„ოპოზიციაში მყოფ რადიკალურ ძალებს, რომლებიც მუდმივად არეულობის შექმნაზე არიან მომართული, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ჩაგდების, შესაბამისად, ადგილობრივი ორგანოების სამსახურების მუშაობის, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების, ჯამში კი, ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განვითარების შეჩერების შესაძლებლობა არ უნდა მისცემოდათ. დღეს ოპოზიციას არანაირი ხელჩასაჭიდი არ აქვს და მათი მთავარი მესიჯბოქსი „ფეიკზე“ გადის. ისინი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს ვადაგასულს უწოდებენ, თუმცა, თავადვე ამბობენ, რომ საკრებულოს ძველ შემადგენლობას უფლებამოსილებას ვადა მაშინ გასდის, როდესაც ახლადარჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი სხდომა გაიხსნება, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერ არ მომხდარა. ამ ადამიანების დღევანდელი მოქმედებით დასტურდება, რომ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა ჰქონდათ, პრობლემების შექმნას აპირებდნენ, რათა არ დამტკიცებულიყო ბიუჯეტი, გაჩერებულიყო მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება და საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე, მნიშვნელოვანი ბარიერები შეექმნათ. იქ, სადაც არის საზოგადოებრივი ინტერესი, არჩევანი განვითარებასა და სტაგნაციას შორის, ყოველთვის მოსახლეობის მხარეს დავდგებით და ყველა ლეგალურ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა ამ ძალებმა საკუთარ მიზნებს მოსახლეობის კეთილდღეობის დაზიანების ფასად მიღწიონ. დღეს გამართული ცირკი, სპეციფიკური სუნის მქონე ხსნარის სხდომათა დარბაზში დასხმა და მათ მიერ გამოყენებული სხვა მეთოდები, კარგად უჩვენებს ამ ხალხის რეალურ სახეს. მიუხედავად ამისა, მინდა ვუთხრა, თითოეულ მათგანს, რომ როგორ იაფფასიან მეთოდებსაც არ უნდა მიმართონ, საქმის კეთებაში, მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვაში ხელს ვერ შეგვიშლიან“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობის მიუხედავად, ჩაეშალათ საკრებულოს დღევანდელი სხდომა, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია. დეპუტატები სხდომათა დარბაზში ტექნიკური შესვენების გამოცხადების შემდეგ დაბრუნდნენ. სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დარბაზი მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, მირდატ ქამადაძემ სხდომათა დარბაზში სპეციფიკური ნივთიერება დაასხა, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს. ამ დროისთვის, ისინი შენობის მიმდებარედ მართავენ აქციას.

 

იქამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანსა და საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ რაულ თავართქილაძეს დაუპირისპირდნენ.

 

2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა ზუგდიდის საკრებულომაც. სხდომას ოპოზიცია არ დასწრებია. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მხარდამჭერებთან ერთად, რამდენჯერმე შეეცადნენ შენობაში შეჭრას, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ადგილზე შეკრებილებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner