logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილმა და ირაკლი ბერაიამ ლიეტუვის სეიმში შეხვედრები გამართეს
- +

27 ნოემბერი. 2021. 17:52

 

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტთან (სეიმი) მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ლიეტუვას სეიმში შეხვედრები გამართეს.

 

ვიზიტის ფარგლებში, ქართველი კანონმდებლები ლიეტუვის სეიმის სპიკერს, ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენს, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რადვილე მორკუნაიტე-მიკულენიენეს, სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისს, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაურინას კასჩიუნას, საქართველოსა და ლიეტუვას საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს რაიმუნდას ლოპატას და ჯგუფის სხვა წევრებს შეხვდნენ.

 

მხარეებმა, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ლიეტუვასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, 2024 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების გეგმაზე და ამ თვალსაზრისით, ლიეტუვას მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

 

მხარეებმა ასევე, განიხილეს 15 დეკემბერს დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოლოდინები და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები.

 

საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის პროცესში რეფორმების მნიშვნელობას, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავების საჭიროებებს.

 

ირაკლი ბერაიამ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ლიეტუვასა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილს, ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას და ალიანსში საქართველოს გაწევრების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების დაჩქარების საჭიროებას.

 

შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, განსაკუთრებით, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე.

 

ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში დეოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის აქტუალურობის მაღალ დონეზე შენარჩუნებისა და რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდის მნიშვნელობასა და აუცილებლობას.

 

ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ ლიეტუვას ურყევ მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

 

ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მანტას ადომენასთანაც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner