logo_geo
eng_logo
თეიმურაზ ჯანჯალია ლატვიის პარლამენტის დელეგაციას შეხვდა
- +

29 ნოემბერი. 2021. 18:27

 

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა ლატვიის პარლამენტის (საეიმას) დელეგაციას, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, რიჰარდს კოლსის ხელმძღვანელობით“, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები, ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და ლატვიას შორის ტრადიციულად მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.

 

თეიმურაზ ჯანჯალიამ მადლობა გადაუხადა ლატვიელ პარლამენტარებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საგარეო პრიორიტეტების მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისა და ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყოფისათვის.

 

შეხვედრაზე, ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ყურადღება დაეთმო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის განვითარების პერსპექტივებს, „ასოცირებული ტრიოს“ სამომავლო გეგმებსა და ამ პროცესში ლატვიის მხარდაჭერას. მხარეებმა ისაუბრეს აგრეთვე ქართული მხარის მოლოდინებზე დეკემბრის თვეში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით.

 

ხაზი გაესვა საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საქართველოს მიერ გაწეულ კონტრიბუციასა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესის ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას. მაღალი შეფასება მიეცა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოს აქტიურ ჩართულობას.

 

რეგიონულ ჭრილში მიმდინარე თემებზე საუბრისას, აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები, მათში საქართველოს როლი და მნიშვნელობა.

 

ლატვიურ მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ; ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე; ხაზი გაესვა საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების კუთხით პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის საჭიროებას.

 

რიჰარდს კოლსმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართულებით და საქართველოსთან შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე მზადყოფნა დააფიქსირა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner