logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: ქართული ოპოზიციური პარტიების საგარეო პოლიტიკური ავტორიტეტი ფაქტობრივად აღარ არსებობს
- +

30 ნოემბერი. 2021. 15:34

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და იგი დეზინფორმაციად შეაფასა.

 

„ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა დღეს აქტიურია საქართველოს ინტერესების შესაბამისად. ჩვენი ამოცანა არ არის ცალკეული პარტიების პარტიკულარისტული ინიციატივების არაეფექტურობის გამომზეურება. ჩვენი ამოცანაა საქართველოს ინტერესების დაცვა, მათ შორის და უპირველეს ყოვლისა ევროკავშირში. „ქართული ოცნების“ დელეგაციის ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის, სტრასბურგში ვიზიტი სწორედ ამას ემსახურებოდა. ვიზიტის დროს შეხვედრები გაიმართა ევროკავშირის ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან. ამ შეხვედრებზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე, ინტეგრაციაზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე. თუმცა, სწორედ ამ შეხვედრებმა კიდევ ერთი სიმართლე გამოააშკარავა - ქართული ოპოზიციური მსხვილი თუ წვრილი პარტიების საგარეო პოლიტიკური ავტორიტეტი ფაქტობრივად აღარ არსებობს. ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები პიროვნული კავშირებით ცდილობენ შთაბეჭდილება შექმნან, რომ ეს ურთიერთობები ჯერ კიდევ არსებობს, რაც უბრალოდ ტყუილია! სამმა მძიმე შეცდომამ განაპირობა ოპოზიციის საერთაშორისო ავტორიტეტის ფაქტობრივი განულება. პირველი - საპარლამენტო საბოტაჟი, რომელმაც აჩვენა რომ ოპოზიცია არა მარტო ტყუის, არამედ არაფრად აგდებს საქართველოს სტაბილურობას და ეროვნულ ინტერესებს. მეორე - შარლ მიშელის შეთანხმების უპატივცემულობამ, როდესაც მისი ვითომ ხელმომწერები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ პარლამენტს, აჩვენა რომ ქართული ოპოზიცია მხოლოდ სიტყვით არის პროევროპული, მაგრამ სინამდვილეში ევროპასთან ახლოსაც არ გაუვლია, გადატანითი და ლამის პირდაპირი მნიშვნელობით. მესამე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის უარის თქმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიცია პირფერობს, როდესაც დემოკრატიაზე და დასავლეთზე საუბრობს. სინამდვილეში კი მხოლოდ ხელის შეშლა და არეულობა აქვს მიზნად. ბოლოს, მინდა გავიმეორო ირაკლი კობახიძის მიმართვა და მოვუწოდო პარლამენტში წარმოდგენილ პარტიებს ითანამშრომლონ ქვეყნის ინტერესებისთვის მმართველ პარტიასთან, რაც მათ შანსს შეუნარჩუნებს, რომ არ გაქრნენ შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური სცენიდან“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner