logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ნატოელი პარტნიორები მყარად რჩებიან იმ პოზიციაზე, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება
- +

17 იანვარი. 2022. 17:10

 

 

„ნატოელი პარტნიორები მყარად რჩებიან იმ პოზიციაზე, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება. არავის აქვს უფლება, რომ ესა თუ ის რეგიონი განიხილოს საკუთარი გავლენის სფეროდ,“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ნატოში აკრედიტირებულ ელჩებთან ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა.

 

„საგნობრივი საუბარი იყო ნატო-რუსეთის საბჭოს საქმიანობასა და რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. ძალიან პოზიტიურია, რომ კიდევ ერთხელ გაჟღერდა ნატოელი პარტნიორების პოზიცია, რომ ისინი ერთიანი არიან და არაფერი იცვლება მათ მიდგომებში საქართველოს ნატოში გაწევრებასთან მიმართებაში. მიღებული გადაწყვეტილებების არანაირი რევიზია და გადახედვა არ არის დაგეგმილი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის რიტორიკა და პოზიცია ძალიან მწვავე იყო, მათი ქმედებები წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და პრინციპებთან. ეს თემები იყო წამოწეული იმ ცნობილ 2 დოკუმენტში და არ ექვემდებარება სერიოზულ განხილვას. ნატოელი პარტნიორები მყარად რჩებიან იმ პოზიციაზე, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება. არავის აქვს უფლება, რომ ესა თუ ის რეგიონი განიხილოს საკუთარი გავლენის სფეროდ. ქვეყნის სუვერენული უფლებაა აირჩიოს უსაფრთხოების ალიანსი. ეს არის ფუნდამენტური უფლება. ეს იყო ძირითადი გზავნილები, რაც მე მოვისმინე ელჩებთან შეხვედრაზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ვიცე-პრემიერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ნატოსა და ევროკავშირში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner