logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი და ჩვენი ამოცანაა, ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მოკლე დროში და გონივრულ ვადებში იყოს სისრულეში მოყვანილი
- +

26 იანვარი. 2022. 11:08

 

 

საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში შედგება.

 

შალვა პაპუაშვილი დღეს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია შედიან, NATO-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

 

პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვა NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილესთან.

 

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ალიანსის შტაბ-ბინაში აქვს სიმბოლური და შინაარსობრივი დატვირთვა, რაც ადასტურებს NATO-ში ინტეგრაციის მნიშვნელობასა და პრიორიტეტულობას.

 

„ეს ვიზიტი ემთხვევა იმ მნიშვნელოვან მოვლენებს, როდესაც NATO-ს მოკავშირეები და ასპირანტები ერთობლივად ცდილობენ იმ საფრთხეების შეკავებას, რაც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან, რომელიც მიზნად ისახავს ძირი გამოუთხაროს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია ამ საკითხებთან დაკავშირებით.

 

რა თქმა უნდა, ვიზიტს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. საქართველო არის ალიანსის ყველაზე თავსებადი ასპირანტი პარტნიორი სახელმწიფო, რომელსაც ალიანსთან აქვს განსაკუთრებული თანამშრომლობა, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, რომელმაც მიაღწია დღემდე ყველა დროის მაქსიმუმს. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მოკლე დროში და გონივრულ ვადებში იქნას სისრულეში მოყვანილი“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner