logo_geo
eng_logo
იუსტიციის მინისტრი: სიმართლე არის საქართველოს მხარეს - დაინტერესებული ვართ, ყველა პირი, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაული, პასუხისგებაში იყოს მიცემული და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ
- +

8 აგვისტო. 2022. 22:58

 

 

2008 წელს მთელმა მსოფლიომ იხილა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც ქართული ჯარი ღირსეულად აღუდგა - საქართველომ გააგრძელა ბრძოლა სიმართლის დასამტკიცებლად და სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების თანახმად, თამამად შეიძლება ითქვას ის, რომ საქართველო თავიდან ბოლომდე მართალი იყო, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მინისტრის თქმით, ქართული მხარე ბრძოლას გააგრძელებს იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაციას მოხდეს.

 

რატი ბრეგაძის განცხადებითვე, სახელმწიფო დაინტერესებულია, რომ ყველა პირმა, ვინც 2008 წლის აგვისტოში ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაული ჩაიდინა, პასუხისგებაში იყვნენ მიცემული და ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს.

 

„2008 წელს მთელმა მსოფლიომ იხილა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც ქართული ჯარი ღირსეულად აღუდგა და არაერთმა გმირმა სიცოცხლე შესწირა რუსულ აგრესიას იმისთვის, საკუთარი სამშობლო დაეცვა. ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ამ გმირების უკვდავსაყოფად გავაკეთოთ ყველაფერი, რომლებმაც როგორც 2008 წელს, ასევე სხვა პერიოდებში, სამშობლოს და თითოეული ჩვენგანის სიცოცხლისთვის გაიღეს ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ადამიანს გააჩნია, ეს არის საკუთარი სიცოცხლე.

 

საქართველომ გააგრძელა ბრძოლა სიმართლის დასამტკიცებლად და სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების თანახმად, თამამად შეიძლება ითქვას ის, რომ საქართველო თავიდან ბოლომდე მართალი იყო, როგორც ამ ომში, ასევე სხვა ნებისმიერი აგრესიის დროს და სიმართლე არის საქართველოს მხარეს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს კვლავ ბრძოლა სჭირდება და თითოეული ჩვენგანი მზად არის იმისთვის, რომ ეს ბრძოლა გააგრძელოს, რათა ჩვენი საწადელი ბოლომდე იქნეს მიყვანილი, რაც ტერიტორიის სრულ დეოკუპაციას გულისხმობს და საქართველოს სუვერენიტეტის გავრცელებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, როგორც ის არის აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით.

 

სწორედ ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ სტრასბურგში გაიმარჯვა საქართველომ, მათ შორის ჰააგის გადაწყვეტილება არის ამის გამოძახილი, - ერთხელ და სამუდამოდ გაირკვა სიმართლე, ვინ იყო მართალი, ვინ მტყუანი. მართალი იყო საქართველო. ეს გააკეთა ქართულმა სახელმწიფომ, რომ მოეპოვებინა გამარჯვება და სწორედ ამ გამარჯვების საფუძველზე, იძებნება ის ხალხი და დარწმუნებული ვარ, რომ სამართალი აღსრულდება. რომელიმე ქვეყანაში ისინი აუცილებლად იქნებიან დაკავებული და პასუხს აგებენ კანონის წინაშე. მიმდინარეობს გამოძიება და რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვართ, რომ ყველა პირმა, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაული და დანაშაული ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ, იყოს პასუხისგებაში მიცემული და ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner