logo_geo
eng_logo
„ხალხის ძალა“: საელჩოს ის ანერვიულებს, რომ ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში თავის გავლენას სწორედ რომ არ იყენებს - საელჩოს სურვილია, ივანიშვილმა ეს გავლენა გამოიყენოს და პოლიტიკაში საქართველოს ომში ჩასართავად შემობრუნდეს
- +

11 აგვისტო. 2022. 15:27

 

 

„საელჩოს ის ანერვიულებს, რომ ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში თავის გავლენას სწორედ რომ არ იყენებს - საელჩოს სურვილია, ივანიშვილმა ეს გავლენა გამოიყენოს და პოლიტიკაში საქართველოს ომში ჩასართავად შემობრუნდეს“, - ამის შესახებ ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ განცხადებაში.

 

მოძრაობის წევრები დღეს მორიგ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ გაგზავნილი მათი კითხვები სამწუხაროდ, კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა. წერილში სხვადასხვა საკითხთან ერთად ბიძინა ივანიშვილის შესახებ არის საუბარი.

 

წერილის ავტორების თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ კრიტიკულ სიტუაციაში პასუხისმგებლობას არასოდეს გაურბის და შესაბამისად, საელჩოს მიერ კოორდინირებული ოპოზიციის მოწოდებები ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობის აღების შესახებ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

 

„ქართული ოცნების“ დღევანდელი გუნდი მყარად უძღვება ქვეყნის მართვის საქმეს და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების არავითარი ინტერესი არა აქვს.

 

ასეთ ვითარებაში, საელჩოს მიერ ბიძინა ივანიშვილის გავლენის რეგულარულ შეხსენებას მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს - საელჩოს აშკარად ის ანერვიულებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში თავის გავლენას სწორედ რომ არ იყენებს. საელჩოს სურვილია, ბიძინა ივანიშვილმა ეს გავლენა გამოიყენოს და პოლიტიკურ პროცესებში საქართველოს ომში ჩასართავად შემობრუნდეს. სწორედ მეორე ფრონტის ინტერესს ემსახურება გაუგონარი შანტაჟი, რომელიც მასზე შვეიცარიული ბანკის მეშვეობით ხორციელდება. სწორედ ბიძინა ივანიშვილის გავლენის გამოყენების მიზნით მონათლეს ის, საელჩოს კოორდინაციით, ოლიგარქად და მას სხვადასხვა მხრიდან ფორმალური სანქციებითაც კი ემუქრებიან.

 

სწორედ ბიძინა ივანიშვილის გავლენის გამოყენების ინტერესი არის იმის მთავარი მიზეზი, რომ პოლიტიკიდან დისტანცირების მიუხედავად, ის დღესაც საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევის მთავარი ობიექტია. ამასთან, ყველაფერი ისეა დაგეგმილი, რომ ეს შეტევა ბიძინა ივანიშვილისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ერთდროულად არის მიმართული. როდესაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად და არაფორმალურ მმართველად აცხადებენ, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სახელმწიფო სისტემის დაკნინებაა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი თითოეული ჩვენგანის დაცვას იმსახურებს, თუმცა, მას ეს დაცვა არ სჭირდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner