logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძემ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში საჯარო ლექცია გამართა
- +

13 აგვისტო. 2022. 14:35

 

 

 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთ წამყვან ანალიტიკურ ცენტრ - სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში (SAIIA). გამოსვლის მთავარ თემას წარმოადგენდა შავი ზღვის უსაფრთხოება ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში.

ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და საქართველოს მნიშვნელობაზე რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობაში. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც რეგიონში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე.

"სამწუხაროდ დაგვიანებით მაგრამ დღეს უკვე ყველამ აღიარა, რომ შავი ზღვის რეგიონზე გადის ევროპის უსაფრთხოების მომავალი. რუსეთი ცდილობს თავისი იმპერიალისტური ამოცანების მიღწევას და ამისთვის იყენებს ყველა საშუალებას. რაც დღეს ხდება უკრაინაში ეს ჩვენ უკვე ვნახეთ საქართველოში. ეს არის შედეგი იმისა, რომ რუსეთმა არ მიიღო შესაბამისი პასუხი საერთაშორისო საზოგადოებისგან 2008 წელს საქართველოში განხორციელებული აგრესიისა და 2014 წლის ყირიმის ანექსიისათვის. სწორედ ახლა, როდესაც ყალიბდება ახალი საერთაშორისო წესრიგი, საჭიროა დასავლეთის კონსოლიდაციის შენარჩუნება და ახალი უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება, სადაც შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას ექნება საკვანძო როლი, იმიტომ რომ დღეს შავი ზღვის უსაფრთხოების მექანიზმი უბრალოდ არ არსებობს. ჩვენ მიგვაჩნია რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების გამაძლიერებელი ფაქტორი - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოზე, როგორც ევროპისთვის სტაბილურ სატრანზიტო მარშრუტზე, სადაც შესაძლებელია ტვირთების და ენერგორესურსების ტრანსპორტირება ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან.

ევროპა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება მისთვის უდიდეს უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის პრიორიტეტი გახდა ენერგეტიკული რესურსების მიწოდების ახალი წყაროების მოძიება და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება. ამ მოცემულობაში, საქართველოს, როგორც სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ მისი გავლით მოხდეს კასპიიდან და აზიიდან ენერგორესურსების ტრანზიტი ევროპის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ევროპის ენერგოუსაფრთხოებისათვის. საყურადღებოა, რომ ბოლო რამდენიმე თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვადასხვა საქონლის ტრანზიტი საქართველოს გავლით, აზიიდან ევროპის მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მნიშვნელობას,“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტის წევრები, ანალიტიკური ცენტრების და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მკვლევრები და სხვადასხვა თანამდებობის პირები. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner