logo_geo
eng_logo
პარლამენტმა ქონებაზე ყადაღის დადების საკითხების ახლებურად მოწესრიგებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- +

21 სექტემბერი. 2022. 16:28

პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი 88 ხმით დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას ან ქონებას, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული, ყადაღა შეიძლება დაედოს მაშინ. თუ: არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებენ; არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გაანადგურებენ ან დააზიანებენ; არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გადამალავენ, გაასხვისებენ ან დახარჯავენ; ამ ქონებაზე ყადაღის დადება აუცილებელია მისი შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, რადგან დასაბუთებული ვარაუდის მტკიცებულებითი სტანდარტით დასტურდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქონების ჩამოსართმევად საჭირო შესაბამისი გარემოებების არსებობა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ლეგიტიმური მიზნების განხილვა წარიმართოს ინდივიდუალური მიდგომის გათვალისწინებით.

გთავაზობთ, რომ ავტომატურად განკარგვის აკრძალვა არ ნიშნავდეს სარგებლობის აკრძალვას. იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებენ ან გადამალავენ, გაასხვისებენ ან დახარჯავენ, ამ შემთხვევებში, ქონებაზე ყადაღის დადება მესაკუთრეს ან მფლობელს აუკრძალავს ქონების განკარგვას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე, ქონებით სარგებლობის აკრძალვაც მოხდება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თმით, კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას ან ქონებას, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული, ყადაღა სამ ეტაპად ედება და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა არის 12 თვე. ასევე, თუ დაწყებულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შესაბამისი პროცედურები, ქონებაზე ყადაღის დადება ხუთ ეტაპად ხორციელდება და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა, ასევე, 12 თვეა. ყოველ შემდეგ ეტაპზე დადგენილი ვადით ქონებაზე ყადაღის შესახებ სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდების მხარე მიმართავს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner