logo_geo
eng_logo
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტის ზრდის ტენდენცია უკვე წლებია მიმდინარეობს, რაშიც პრემიერ-მინისტრის დიდი მხარდაჭერა გვაქვს – ვალერიან გობრონიძე
- +

30 ნოემბერი. 2022. 20:35
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან წინა წელთან შედარებით ამავე სამინისტროს ბიუჯეტის დაახლოებით 346 მილიონი ლარით ზრდის შესახებ საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით დიდია საქართველოს მთავრობის, პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ეკონომიკური გუნდის მხარდაჭერა. 

გობრონიძის თქმით, ბიუჯეტის ზრდის ტენდენცია უკვე წლებია მიმდინარეობს, რაც ნათელი დასტურია იმისა, რომ განათლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 2023 წელს 2 მილიარდ 30 მილიონ ლარზე მეტი იქნება, რაც დაახლოებით 346 მილიონი ლარით მეტია 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით.

გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, პედაგოგებისა და სკოლის პერსონალის ხელფასების ზრდას, დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას, სკოლების აღჭურვას თანამედროვე ტექნოლოგიებით და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ მიმართულებით უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი ხორციელდება – საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაწყებულია 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი კი 2024 წელს გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.

პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად,“ – განაცხადა ვალერიან გობრონიძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში 2023 წლიდან დეკრეტულ შვებულებაში მყოფი სკოლის მასწავლებლები მიიღებენ ანაზღაურებას. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ფინანსთა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების თანამშრომლობით  და განათლებისა და ჯანდაცვის კომიტეტების აქტიური ჩართულობით იქნა მიღებული.

ვალერიან გობრონიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 2012 წლის განათლების ბიუჯეტთან შედარებით წლევანდელი ბიუჯეტი სამჯერ არის გაზრდილი.

მინისტრის მოადგილის თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი შესაძლებლობას იძლევა თანმიმდევრულად განხორციელდეს ის რეფორმები, რაც სამინისტროს დაგეგმილი აქვს.

„თავისთავად ცხადია, რომ განათლებისა და მეცნიერების მზარდი ბიუჯეტი საქართველოს მთავრობის, უშუალოდ პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილისა და ეკონომიკური გუნდის დიდი მხარდაჭერის შედეგია. გაზრდილი ბიუჯეტი ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ თანმიმდევრულად მივყვეთ იმ რეფორმებს, რაც განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიით არის განსაზღვრული“, - აცხადებს ვალერიან გობრონიძე.  
right_banner right_banner
არქივი
right_banner