logo_geo
eng_logo
დავით სონღულაშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმში მიიღო მონაწილეობა
- +

6 დეკემბერი. 2022. 23:18

 

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების მიერ ორგანიზებულ საპარლამენტო პლენუმის მუშაობაში ონლაინ ფორმატში მიიღო მონაწილეობა.

კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ენერგეტიკული ბაზრის განვითარებისა და საქართველოს ენერგო უსაფრთხოებაზე ისაუბრა.

ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ ინტეგრირებულ გეგმასა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით სახელმწიფო ენერგეტიკულ პოლიტიკაში. ის ითვალისწინებს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ქსელის საიმედოობის გაზრდისკენ არის მიმართული. მიწოდების უსაფრთხოება მკვეთრად გამოხატულია ენერგოუსაფრთხოებაში, რომლის მიზანი ელექტრო ქსელის საიმედოობისა და სიმძლავრის გაზრდაა, სისტემის, ინტერსისტემული და ადგილობრივი ელექტროგადამცემი ხაზების გაუმჯობესებით და განახლებით. აღნიშნული კომპონენტები წარმოადგენენ კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც დაკავშირებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის (ძირითადად ქვესადგურების) მოდერნიზაციასთან და სიმძლავრის გაზრდასთან. უნდა აღინიშნოს, რომ მიწოდების უსაფრთხოება ქსელის საიმედოობისა და სტაბილურობის განუყოფელ კომპონენტს წარმოადგენს. საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებულ გეგმის (NECP), ენერგეტიკული უსაფრთხოების თავი მოიცავს 21 ღონისძიებას, რომლებიც მიმართულია ენერგიის გადაცემის გაძლიერებისკენ, როგორც საქართველოს შიგნით, ისე მეზობელ ქვეყნებთან. ტრანსსასაზღვრო პროექტები შემუშავდა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ და სრულად შეესაბამება TYNDP-ს (ევროკავშირის მიერ შემოღებულ იქნა ე.წ. „ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმას“). გადამცემი ინფრასტრუქტურის გარდა, NECP მოიცავს VRE (ცვალებადი განახლებადი ენერგიის) ელექტროსადგურების მშენებლობას (მზის და ქარის) და ჰიდროენერგეტიკული ენერგიის წარმოების გაფართოებას, იმპორტის შიდა გენერირების ჩანაცვლების მიზნით. მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგეტიკის ფასების კრიზისის გავლენაა. ენერგიის ფასის ზრდა ნაწილობრივ აისახება იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასებზე, ამდენად, მიმდინარეობს მუშაობა იმპორტის წყაროების დივერსიფიკაციაზე, რაც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ კონკურენცია და შევამციროთ ფასების გავლენა. ამასთან, ელექტროენერგიის იმპორტი მომავალი ბაზრის პირობებში შეინარჩუნებს კონკურენციას და დღით ადრე ბაზრის ამოქმედების შემდეგ გაზრდის კიდეც მას. ამავდროულად, საათობრივი ვაჭრობა პიკური და საბაზისო სიმძლავრეების ოპტიმალურ გამოყენების საშუალებას იძლევა. ენერგეტიკული უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნის დაკმაყოფილება საქართველოს ბიძგს აძლევს განავითაროს საკუთარი რესურსები და იმპორტის წყაროები,“ - აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას, დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა შავი ზღვისქვეშა საკაბელო პროექტის მნიშვნელობას, მწვანე წყალბადის წარმოების განვითარებასა და ენერგეტიკის დამოუკიდებლობის აქტზე მუშაობის პროცესს.

მიუხედავად იმისა, რომ წლის განმავლობაში ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება არც თუ ისე მაღალია, ზამთარში იმპორტის წილი 30%-ს აღწევს. ამიტომ, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ადგილობრივი რესურსების განახლებადი ენერგიების ოპტიმალური ათვისება. მაგალითისთვის, მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰიდროელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 15 მეგავატია. ამავე პერიოდში, გაფორმდა 61 ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ეს ნიშნავს 704 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიციას ქვეყანაში და ყოველწლიურად 1,6 მილიარდი კვტ/სთ ადგილობრივი გენერაციის დამატებას.

აუცილებლად, ხაზი უნდა გავუსვა შავი ზღვისქვეშა საკაბელო პროექტს, რომელიც კავკასიის როგორც ელექტროენერგიის ჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მისი განხორციელებით, საქართველოს ეკონომიკასა და ენერგეტიკულ სექტორს საერთოდ ახალი შესაძლებლობები ეხსნება გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების ჭრილში.

უნდა აღინიშნოს, რომ მომავალი წლის პირველი აპრილიდან იგეგმება ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა და ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება, რის შემდეგაც ფასები თავისუფალი კონკურენციის პირობებში დადგინდება. საქართველოში პირველ ნაბიჯებს დგამს მწვანე წყალბადის წარმოების განვითარების მიმართულებით. მწვანე წყალბადი არის მომავლის ენერგია და ჩვენ გვაქვს ამბიცია, მივიღოთ არა მხოლოდ ჰიდრო და სხვა კარგად დადასტურებული და დამკვიდრებული მწვანე ენერგიები, არამედ დავეწიოთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებს ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ენერგეტიკის სექტორი საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, კომიტეტი აქტიურად მუშაობს ენერგეტიკის (ელექტროენერგიის) დამოუკიდებლობის აქტზე, რომელიც კანონის პროექტის სახით შემუშავდება. ენერგეტიკის (ელექტროენერგიის) დამოუკიდებლობის აქტი ითვალისწინებს მაღალი დონის მიზნებს საქართველოს მომავალი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, რათა ქვეყანა ელექტროენერგიის მიწოდებით აღარ იყოს დამოკიდებული სხვებზე,“- განაცხადა დეპუტატმა.

საქართველო, ხუთ წელზე მეტია ენერგეტიკული გაერთიანების წევრია და ამ დროის განმავლობაში, აქტიურად ცდილობს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარების საკითხში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner