„კარგი შედეგით დასრულდება ის გახლეჩის პროცესი, რომელიც „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარეობს. კარგი შედეგით ჩვენი ქვეყნისა და ქართული დემოკრატიისთვის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე გამოეხმაურა ლევან ბეჟაშვილის განცხადებასაც, სადაც ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ „რამდენიმე არჩევნების დროს ნიკა მელიას პირადად ეხმარებოდნენ, მიუღია საჩუქრებიც, ძვირად ღირებული ავტომობილი, რომლითაც ის დღეს დადის“.
„მანქანის საკითხს რაც შეეხება, თავისთავად ეს არის სკანდალური თემა იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა შავი ფულის ტრიალი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის არალეგალური დაფინანსება, რომლითაც ალბათ უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. პარტიის თავმჯდომარეს ოლიგარქი როდესაც ჩუქნის ავტომობილს, რა თქმა უნდა, ეს არალეგალური პარტიული დაფინანსებაა, რაც ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, საკმაოდ მკაცრად ისჯება“, - განაცხადა კობახიძემ.