„თინა ხიდაშელს ურჩევნია, თავის თავს და გასაჭირს მიხედოს“, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წევრი შალვა კერესელიძე საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმად ხიდაშელმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას გახარია „საქართველოს პირველი რუსეთის კაცი პრემიერად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ არ ენდობა მისი ასაკის იმ ადამიანებს, რომლებსაც განათლება რუსეთში აქვთ მიღებული.
გახარიას გუნდის წევრი PIA.GE-სთან საუბარში გამოთქვამს ეჭვს, რომ თინა ხიდაშელი მოისყიდეს მსგავსი განცხადებების საკეთებლად.
„ასეთ სულელურ კომენტარებზე რა შეფასება უნდა გაკეთდეს. არგუმენტი არ აქვს, უბრალოდ, ჰაერზე ნათქვამი სიტყვებია. არ ვიცი, შეიძლება, ვინმემ მოისყიდა კიდეც. მეტი აქ არანაირი ლოგიკა და საფუძველი არ არსებობს. თინა ხიდაშელს ურჩევნია, თავის თავს და გასაჭირს მიხედოს. ალბათ დაარიგეს, რომ ასე გაესროლა ჰაერზე სიტყვები. ხან პროამერიკულიო, ხან პრორუსიო, ხან „ნაცების“, ხანაც „ქოცების“ მხარდაჭერას გვაბრალებენ. თვითონაც ვერ არიან ჩამოყალიბებულები, რა უნდა თქვან, იმდენად დაბნეულები და შეშინებულები არიან“, - ამბობს კერესელიძე.
მისივე თქმით, გახარიას გაშავების მცდელობა შეიძლება აწყობდეს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას.
„არა მარტო ხელისუფლებას - ძალიან ბევრს სურს, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მომავლის პარტია არ დაწინაურდეს და ოპოზიციის მხრიდანაც ხშირად გვესმის ხოლმე ასეთი უაზრო, საფუძველს მოკლებული კომენტარები. ამიტომ, „ოცნებამ“ დაუკვეთა მაგას, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თუ სხვა სატელიტმა პარტიამ, არ ვიცი. ერთიც შეიძლება და მეორეც“, - აცხადებს შალვა კერესელიძე.