მინდა, კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოვუცხადო თურქ ხალხს იმ უმძიმესი ტრაგედიის გამო, რაც ამ ქვეყანაში დატრიალდა, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ასევე ვრცელდება ცნობები ჩვენი ორი თანამოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ჩვენი მხარდაჭერა და სამძიმარი კიდევ ერთხელ თურქ ხალხს ამ ძალიან მძიმე დროს და ბუნებრივია, ჩვენი თანადგომა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო.
მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1 900-ს გადააჭარბა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრების გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გააგზავნის.