logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“: გაჩნდება დამატებით 50 000 სამუშაო ადგილი
- +

9 სექტემბერი. 2016. 17:34


 

პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ბიზნესგარემოს განვითარებასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისთვის გასატარებელ რეფორმებს ეხება.

 

„ქართული ოცნება" ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით გააგრძელებს აქტიური პოლიტიკის გატარებას:

 

- დაცული იქნება საკუთრების უფლების ხელშეუვალობის პრინციპი - „ქართული ოცნება" რჩება აღნიშნული პრინციპის ერთგული და არავის მოუწევს საკუთრებაზე უარის თქმა სახელმწიფოს მხრიდან მოტყუების, იძულების, მუქარის, შანტაჟის თუ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო;

 

- უზრუნველყოფილი იქნება საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობა - ამოქმედდება უძრავ ნივთებზე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის ადმინისტრაციული (არასასამართლო) წესი, როგორც საკუთრების უფლების დაცვის ეფექტური საშუალება იმ შემთხვევებისთვის, როდესაც სახეზე არ იქნება საოჯახო, მემკვიდრეობითი, სამეზობლო თუ სხვა სახის დავა. გარდა ამისა, ალტერნატივის სახით, შეიქმნება ამ კატეგორიის დავებზე საპროცესო მექანიზმი და გამკაცრდება კონტროლი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებზე;

 

- შეიქმნება ერთიანი სივრცე, სადაც ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება კერძო ბიზნესს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება. შედეგად, ბიზნესს შეუმცირდება სახელმწიფოსაგან შესაბამისი მომსახურების მიღებისთვის საჭირო დრო და რესურსები;

 

- კიდევ უფრო დაიხვეწება და გაუმჯობესდება არსებული ონლაინ სერვისები, შესაძლებელი გახდება როგორც კომპანიის ონლაინ დარეგისტრირება, ასევე არსებულ მონაცემებში ცვლილებების ონლაინ განხორციელება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მისვლის გარეშე;

 

- გამოცხადდება მორატორიუმი ახალი ლიცენზიებისა და ნებართვების შემოღებაზე. აღნიშნული მორატორიუმი შეეხება ნებისმიერი ტიპის საქმიანობას, გარდა იმისა, რომელიც იმპერატიულად მოთხოვნილია, რომ იყოს ლიცენზირებადი საქმიანობა საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებებით;

 

- გამოცხადდება მორატორიუმი ახალი მარეგულირებელი სტრუქტურის შექმნაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს იმპერატიულად არის მოთხოვნილი საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებებით;

 

- მოხდება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია. გაუქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს, როგორიცაა სასაქონლო ზედნადების არასრულად ან/და არასწორად შევსება (საქონლის რაოდენობის ან/და ფასის შემცირება), 1000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე რეალიზაცია, ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა;

 

- 100000 ლარამდე გაიზრდება გადასახადებისგან თავის არიდებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ზღვარი, რაც 2017 წლიდან, ხანდაზმულობის ვადის 3 წლამდე შემცირების ფონზე, მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანი იქნება ბიზნესისთვის;

 

- გამოცხადდება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება ან გამოყენება) და 218-ე (გადასახადისთვის თავის არიდება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების სრული ამნისტია. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც აღნიშნული დანაშაულები 2013 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს;

 

- შესაძლებელი გახდება დაუძლეველი ძალის, მათ შორის სტიქიური უბედურების მოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერა გამარტივებული წესით;

 

- განხორციელდება საგადასახადო დავების სისტემის რეფორმა.

 

- განხორციელდება სახელმწიფო სერვისების საფასურის ოპტიმიზაცია, რაც გულისხმობს ფასიანი მომსახურებების რაოდენობისა და საფასურების ოდენობების შემცირებას;

 

- შემუშავდება კონცეფცია, რომლის თანახმად შესაძლებელი გახდება, შეიქმნას სპეციალიზებული კომერციული კოლეგიები საერთო სასამართლოების სისტემაში;

 

- გამარტივდება ბიზნესის ლიკვიდაციის პროცედურები;

 

- გადახდისუუნარობის/გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურების დასახვეწად, გატარდება გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმა;

 

- ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების კუთხით, გაგრძელდება მეწარმეობის ხელშეწყობის არსებული პროგრამები, მოხდება მათი ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით;

 

- „ქართული ოცნება" გააგრძელებს სტარტაპების აქტიურ მხარდაჭერას;

 

- ფართოდ დაინერგება რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ინსტრუმენტი, რაც მოგვცემს საშუალებას, თითოეული გადაწყვეტილების გავლენა ბიზნესზე იყოს წინასწარ გაანალიზებული, რითაც ბიზნესს დავიცავთ შესაძლო ნეგატიური გავლენებისგან;

 

- გაძლიერდება ინვესტიციების დაცვის საკანონმდებლო ჩარჩო;

 

- კონკურენტული ბიზნესგარემოს ხელშეწყობისთვის, მოხდება სახელმწიფოს ეტაპობრივად გამოსვლა ეკონომიკის იმ დარგებიდან, რომლებსაც აქვს დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი;

 

- უზრუნველყოფილი იქნება საგადასახადო სტიმულები ბიზნესის განვითარებისთვის. 2017 წლიდან ძალაში შევა მოგების გადასახადის ახალი მოდელი, რომლის მიხედვით საწარმოს მიერ  მიღებული მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილებისას. შესაბამისად, საწარმო მოგების გადასახადს გადაიხდის იმ შემთხვევაში, თუ მოგებას გაანაწილებს დივიდენდის სახიტ მის პარტნიორებზე ან არაეკონომიკური მიზნით გასწევს გარკვეულ ხარჯებს.

 

შედეგად, ბიზნესს გაუჩნდება შესაძლებლობა, დამატებიტი ფინანსური სახსრები მიმართოს რეინვესტირებაზე, კერძოდ, ახალი ბიზნესის დასაწყებად, არსებული წარმოების გადაიარაღებისთვის ან/და გაფართოებისთვის. ეს რეფორმა უშუალოდ მიმართულია ქვეყანასი ბიზნესის განვითარების, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერისკენ. ბიზნესსექტორში დარჩება ნახევარ მილიარდზე მეტი ლარი, რომლის რეინვესტირება განხორციელდება ბიზნესის გაფართოების მიმართულებით, რაც ასევე დამატებითი შემოსავლების გენერირებას ნიშნავს. რეფორმის შედეგად, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 2017 წელს დაჩქარდება 0,5-0,7%-ით. გამოთავისუფლებული ფულადი სახრსრების ბიზნესის მიერ ფიქსირებულაქტივებში ინვესტირების შედეგად, დასაქმებასა და ამ მაჩვენებლის ისტერიული დამოკიდებულების გათვალისწინებით, 18 ათასი ახალი სამუშაო ადგილი მხოლოდ ამ რეფორმის ფარგლებში მხოლოდ 2017 წელს შეიქმნება. ჯამში, 4 წლის განმავლობაში კი, გაჩნდება დამატებით 50 000 სამუშაო ადგილი. ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისათვის ისტორიულად ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, მხოლოდ ამ რეფორმის შედეგად 4 წელიწადში თითქმის 1%-ით გაუმჯობესდება, რაც არსებული პროგნოზის მიხედვით, ქვეყნიდან 220-250 მლნ აშშ დოლარით ნაკლები ვალუტის გადინებას ნიშნავს", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.


 

right_banner
არქივი
right_banner