logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“ გარემოს დაცვის მიმართულებით რეფორმებს გეგმავს
- +

10 სექტემბერი. 2016. 11:34



გარემოს დაცვის მიმართულებით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მთელი რიგი რეფორმების განხორციელებას გეგმავს. აღნიშნული რეფორმები აღწერილია საარჩევნო პროგრამაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა.


მდგრადი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად, „ქართული ოცნება" განაგრძობს რეფორმებს:

 

- თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, გაუმჯობესდება გარემოსდაცვიითი მმართველობა;

 

- ჩამოყალიბდება გამჭირვალე პროცედურებზე დაფუძნებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა. დაიხვეწება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული რისკების შემცველი საქმიანობის ჩამონათვალი. საპროექტო იდეის შემუშავების საწყის ეტაპზე შეფასდება დაგეგმილი საქმიანობის მიზანშეწონილობა, რაც ინვესტორს დაიცავს ფუჭი ფინანსური დანახარჯებისგან. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა უფრო ეფექტიანი გახდება;

 

- ქვეყნის სივრცითი მოწყობის და ქალაქების განვითარების გეგმებს, აგრეთვე სხვადასხვა სექტორში მომზადებულ გეგმა-პროგრამებს ჩაუტარდება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, სხვადასხვა მნიშვნელოვანი სექტორის განვითარების გეგმარებით პროცესში გაითვალისწინოს ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის ასპექტები;

 

- გარემოზე ზემოქმედებით გამოწვეული ეკოლოგიური დანაკარგების კომპენსაციის მიზნით, ჩამოყალიბდება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ეფექტიანი სისტემა;

 

- მოწესრიგდება სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისა და მოპოვების საკითხები, რათა სტიმულირებული იყოს ამ სფეროთი კერძო სექტორის მაქსიმალური დაინტერესება; ლიცენზირების პროცესში გათვალისწინებული იქნება ეკოლოგიური ასპექტები; სახელმწიფო შეძლებს რესურსების ეფექტიანად გამოყენება-ათვისებას;

 

- სახელმწიფო უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების გაფართოებას და ეკოტურიზმის ხელშეწყობას;

 

- ტყის მდგრადი მართვის დანერგვისა და ხელშეწყობის მიზნით დამკვიდრდება ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის ეფექტიანი მექანიზმები;

 

- ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, გაგრძელდება მერქნულ რესურსზე მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილება;

 

- სახელმწიფო ხელს შეუწყობს ბიომასისა და ტყეში არსებული ნარჩენების გადამუშავებით ალტერნატიული ენერგორესურსების შექმნას, თბოეფექტური ღუმელების ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას და გავრცელებას;

 

- გაგრძელდება ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების გამწვანებისთვის, ქარსაფარი ზოლებისა და ტყეების აღდგენა-განაშენიანებისთვის ხე-მცენარეების ნერგების გამოყვანა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის ფლორისა და ფაუნის ენდემური სახეობების გამოყვანა და ბუნებრივ გარემოში გამრავლება;

 

- კატასტროფული მოვლენებით გამოწვეული საფრთხეების რისკების შემცირების მიზნით გაფართოვდება მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური დაკვირვების ქსელი, რაც ხელს შეუწყობს ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვას;

 

- გაუმჯობესდება ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემა; ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დადგინდება თხევადი საწვავის ხარისხობრივი ნორმები;

 

- გაუმჯობესდება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში კონტროლის სისტემა, რომელიც მიმართული იქნება მოსახლეობის, პაციენტებისა და სამედიცინო დასხივების გავლენაში მყოფ სხვა პირთა დაცვისკენ;

 

- გაგრძელდება გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისკენ და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.


 

right_banner
არქივი
right_banner