logo_geo
eng_logo
ტალებ რიფაი: ქართველებმა თავიანთი არაჩვეულებრივი ნიჭის წყალობით შეძლეს ჩვენი გაერთიანება
- +

10 სექტემბერი. 2016. 11:59



საქართველოში ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციის შემაჯამებელი ღონისძიება და დახურვის ცერემონია „შატო მუხრანში" გაიმართა, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და  გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი ესწრებოდნენ. „შატო მუხრანში" კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს ელჩი ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილი და არგენტინის მენდოზის რეგიონის გუბერნატორი ალფრედო კორნეხო.


დიმიტრი ქუმსიშვილმა ტალებ რიფაის და კონფერენციის მონაწილეებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გრძნობს და აფასებს მათ აქტიურ მხარდაჭერას ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის.


„მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, რომელმაც უმასპინძლა ამ მნიშვნელოვან კონფერენციას, მადლობა ჩვენს ელჩს, ჩემს კარგ მეგობარს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც პირველივე დღიდან ჩართული იყო ამ ღონისძიებაში, როგორც ელჩი და აქვე გეტყვით ნამდვილ ამბავსაც: ვინ არის საუკეთესო ელჩი საქართველოსი? ვინ არის ხალხთა ყველაზე კარგი დამაკავშირებელი? - ეს არის სწორედ ქართული ღვინო, ჩვენი ყველაზე ძველი ელჩი და ყველაზე კარგი დიპლომატი. ბოლო სამი დღის განმავლობაში, კონფერენციის ფარგლებში სულ ვიმეორებთ, რომ ქართული ღვინო 8 000 წლისაა, ჩვენ ვიცით, როგორ მივირთვათ ის სწორად და გვყავს საუკეთესო თამადები.  მე ვფიქრობ, ღვინო ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია მსოფლიოში, რომელიც გვაერთიანებს, გვიმარტივებს ურთიერთობებს და გვეხმარება ერთმანეთის გაცნობაში", - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი ქუმსიშვილმა.


„ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ კონფერენცია ჩაგვეტარებინა საქართველოში. არა იმიტომ, რომ ღვინო დაიწყო ამ ქვეყანაში, არამედ იმიტომ, რომ ქართველებმა თავიანთი არაჩვეულებრივი ნიჭის წყალობით  შეძლეს ჩვენი გაერთიანება, გაგვაცნეს ერთმანეთი, დაგვაახლოვეს. მადლობა საქართველოს!" - ასეთი შეფასება გააკეთა  გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა თავის გამოსვლაში კონფერენციის დასრულებისას.


ტალებ რიფაის თქმით,   ამ კონფერენციაზე შეიქმნა ერთიანი საზოგადოება, ერთიანი ქსელის საფუძვლები, რომელიც განვითარდება მომავალში.

 

„ეს ერთიანობისა და ნათესაობის გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი მუშაობისა. ღვინო, ეს მაგიური სითხეა, მაგიური სასმელი, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ვენახები და არა მაღაზიები. ჩვენ არ ვართ ღვინის ექსპერტები, ჩვენ გვსურს შევქმნათ ცოდნა და ის ტურიზმის ინდუსტრიას გადავცეთ. ეს არ არის ღვინის წარმოების ტექნოლოგია, ეს არის ის, თუ როგორ გავაცნოთ ღვინო ტურისტს, უბრალო მოქალაქეს. ჩვენ უნდა შევქმნათ ამბები, მოვყვეთ და დავრწმუნდეთ, რომ ის ყოვლისმომცველი იყოს ვენახიდან ბოთლამდე. უნდა შევქმნათ გამოცდილება, უნდა ვიყოთ ინოვაციურები, ნოვატორულები და ვიფიქროთ იმაზე, თუ რას ფიქრობს ტურისტი, რომელიც მიდის ვენახში. ინოვატორობა ორ სფეროში - პროდუქტების შემუშავებასა და დანიშნულების ადგილის მართვაში არის მთავარი გასაღები. ჩვენ უნდა შევაჯვაროთ მეღვინებობა სასტუმროსთან, მუზეუმთან, რესტორანთან, დეგუსტაციასთან და მე ვხედავ საქართველოში პოლიტიკურ ნებას, რომ ეს ყველაფერი აღსრულდეს", - განაცხადა  ტალებ რიფაიმ.


საქართველოში ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციის შემაჯამებელი ღონისძიებაზე ერთობლივი დეკლარაციაც მიიღეს, რომელიც დამსწრე საზოგადოებას უშუალოდ ტალებ რიფაიმ გააცნო. ღვინის ტურიზმის შემდგომი გლობალური კონფერენცია, მომავალ წელს, არგენტინაში გაიმართება.





 

right_banner
არქივი
right_banner