logo_geo
eng_logo
„ვავალებ თამარ სანიკიძეს!“ - პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს
- +

15 მარტი. 2016. 17:47


საქართველოს პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

 

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ პატივს ვცემ ჩვენი ახალგაზრდების სწრაფვას და სურვილს, უნივერსიტეტი იყოს რეალურად ავტონომიური და გაჯანსაღდეს საუნივერსიტეტო ცხოვრება.

 

მას შემდეგ, რაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა და სტუდენტური პროტესტი რიგ შემთხვევებში სრულიად მიუღებელ მოქმედებებში გადაიზარდა, მთავრობა ვალდებულია, მიიღოს ყველა ზომა, რათა სასწავლო პროცესი დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს. იმისათვის, რომ  კიდევ უფრო არ გამძაფრდეს სიტუაცია და პროცესები უმართავი არ გახდეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო დავალება, სასწრაფოდ განმუხტოს ვითარება და გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები.

 

მოვუწოდებ ყველა მხარეს, მათ შორის ჩვენს ახალგაზრდებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება, რათა პროცესები გადავიდეს მშვიდ და ცივილიზებულ ფორმატში.

 

ვინაიდან უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო პროცესების იმგვარად წარმართვა, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის სტუდენტებს, მშვიდ და სტაბილურ გარემოში შეძლებოდათ  საკუთარი აზრის დაფიქსირება და მათი პოზიცია ყოფილიყო სათანადოდ გააზრებული, ვავალებ განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შეხვედრის ორგანიზება პარიტეტულ საწყისებზე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, აკადემიურ  პერსონალთან და ხელმძღვანელ პირებთან, რათა მოხდეს  შექმნილი პრობლემის უმოკლეს ვადებში გადაჭრა.

 

დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ახალგაზრდების პოზიცია და მონაწილეობა იმ ახალი რეფორმის შემუშავებაში, რომლებსაც ჩვენ ვგეგმავთ განათლების სისტემაში. მხოლოდ ერთიანი ძალით - დარგის სპეციალისტების და სტუდენტების მონაწილეობით შევძლებთ შევიმუშაოთ ისეთი რეფორმა, რომელიც რეალურად შეცვლის  განათლების სისტემას", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში. 


 

right_banner
არქივი
right_banner