logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ეს ბერას მხრიდან აბსოლუტურად გულწრფელი ნაბიჯი იყო, რასაც არაჯანსაღი რეაქცია მოჰყვა
- +

4 ნოემბერი. 2019. 21:36

 

 

სახელისუფლებო პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ამაზონის ტყის დასახმარებლად ​მისი ვაჟის, მომღერალ ბერა ივანიშვილის მიერ გაღებულ 1,1 მლნ აშშ დოლარის გაღების ინიციატივასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას ეხმიანება. მისი თქმით, ეს ბერას მხრიდან აბსოლუტურად გულწრფელი ნაბიჯი იყო, რასაც სამწუხაროდ უარყოფითი აჟიოტაჟი მოჰყვა.   

 

"ვფიქრობ, კომენტარის ღირსიც კი არ არის ის, რაც ბერას აბსოლუტურად გულწრფელ ნაბიჯს მოჰყვა. ეს ყველაფერი სიკეთის და ბოროტების მიღმაა და მათ დონეზე დასვლა იქნება, განსაკუთრებული ყურადღება რომ მივაპყროთ მათ არაჯანსაღ რეაქციას. თუმცა, ისე გაერთნენ ნეგატივში, რომ გადაწვდნენ თბილისის სტიქიის ლიკვიდაციის თემას, რაშიც ისევ ისე შეირცხვინეს თავი, როგორც ყველაფერ დანარჩენში – ჩვენმა ხალხმა იცის, რა და როგორ იყო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გამოცემა Entrepreneur Georgia - სთან ინტერვიუში.

 

მან 2017 წლის ხანძრის შედეგად განადგურებულ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის პრობლემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ტყის აღდგენის და ახლია განაშენიანების პროცესში არათუ ჩაერთო, არამედ მთლიანად საკუთარ თავზე აიღო, თუმცა ამის აფიშირება არ მოუხდენია, რადგან, როგორც თავად ამბობს, ეს მისი  სტილი და ხელწერა არ არის.

 

" ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენის, ანუ ახალი განაშენიანების პროცესში არათუ ჩართვის, მთლიანად საკუთარ თავზე აღების მზაობა პირველი დღეებიდანვე გამოვხატე. თუმცა ამის აფიშირება არ მომიხდენია, რადგან არ არის ეს ჩემი სტილი და ხელწერა. არის ასეთი მაგარი კაცი – თემურ ტყემალაძე – ჩვენი ბუნების ნამდვილი ამაგდარი, უმაღლესი დონის სპეციალისტი და ჩემი დიდი ხნის მეგობარი. სამი წლის განმავლობაში ერთად ვაკვირდებოდით მე და თემური, რა და როგორ ვითარდებოდა, შეძლებდა თუ არა ბუნება საკუთარი ძალებით მორეოდა ხანძრის შედეგებს. თემური რეგულარულად ახორციელებდა საკონტროლო შემოფრენებს ჩემი ვერტმფრენით. ბოლო შემოფრენის შემდეგ მომახარა, რომ ჩარევა არ იყო საჭირო და ბუნებამ საკუთარი ძალებით დაიწყო აღდგენა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 


მოამზადა: შორენა პაპაშვილმა

 

 

right_banner
არქივი
right_banner