logo_geo
eng_logo
თბილისში, 17 ქუჩაზე, საღამოს საათებში სადისტიბუციო მანქანების გაჩერება შეიზღუდება
- +

29 თებერვალი. 2016. 13:13


თბილისის მერიამ  საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან და სადისტრიბუციო კომპანიებთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებმა მოაწერეს.



აღნიშნული ინიციატივით, მერია სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის საპილოტე, საცდელ რეგულირებას იწყებს. რეგულირება გულისხმობს 2016 წლის 15 მარტიდან 1 სექტემბრის ჩათვლით თბილისის 17 ქუჩაზე (აბაშიძე, ფალიაშვილი, ბარნოვი, დოლიძე, ცინცაძე, ნუცუბიძე, შარტავა, კოსტავა, პეკინი, გამსახურდია, მარჯანიშვილი, აღმაშენებლის გამზირი, ჯავახეთი, ხიზანიშვილი (მ.ახმეტელის ორივე მხარე), ლესელიძე, ლეონიძე, ასათიანი) 17:00 საათიდან 20:00 საათამდე დისტრიბუციის განხორციელების მიზნით სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის შეზღუდვას. 



ჩვენ დღეს მნიშვნელოვან მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რომლითაც ორივე მხარე იმ ძირითად პრინციპებზე შევთანხმდებით, როგორიც არის ქალაქის ტერიტორიაზე სადისტრიბუციო ავტომანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით გარკვეული წესრიგის დადგენა. ეს გულისხმობს 2016 წლის 15 მარტიდან 1 სექტემბრის ჩათვლით 17:00 საათიდან 20:00 საათამდე  მოძრაობის შეზღუდვას. ჩვენ ავიღეთ ვიწრო ქუჩები, რადგან აღნიშნულ ქუჩებზე პიკის საათებში დამატებით სადისტრიბუციო მანქანების შესვლა და გაჩერება დამატებით სირთულეებს ქმნის. ეს საკითხი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს, რომ ადეკვატურად უპასუხეთ აღნიშნულ საკითხს, რათა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის გადაადგილების თვალსაზრისით არსებული დისკომფორტი შევამციროთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



ამ ეტაპზე რამდენიმე ათეული კომპანია მზადაა, ხელი შეუწყოს თბილისის მერიის  სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვის კომპლექსური სქემის ამოქმედებას და არ განახორციელოს სადისტრიბუციო გადაზიდვები მემორანდუმით შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.



სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის უკეთ ორგანიზების დასაგეგმად, თბილისის მერიამ რამდენიმე სამუშაო-საკონსულტაციო შეხვედრა გამართა დისტრიბუციის განმახორციელებელ კომპანიებთან. სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავდა სატრანსპორტო საცობების განტვირთვისთვის სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის გრაფიკის და სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავებას. პროცესში აქტიურად მონაწილეობდა  საქართველოს ბიზნესის ასოციაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.  ჩართვის შესაძლებლობა მიეცა ასევე 240-ზე მეტ კომპანიას.


 

right_banner
არქივი
right_banner