logo_geo
eng_logo
სახალხო დამცველი: უმოკლეს ვადაში უნდა იქნას გამოძიებული ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი!
- +

2 მარტი. 2016. 11:44


საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება 2016 წლის 29 თებერვალს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში მომხდარ ფაქტს, სადაც მუსლიმებისათვის სასაფლაოსათვის ტერიტორიის გამოყოფის საკითხის გამო ერთმანეთს ადგილობრივი ქრისტიანი და მუსლიმი  მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა.


სახალხო დამცველის წარმომადგენელი ადგილზე იმყოფებოდა ინფორმაციის გავრცელებისთანავე. სოფელ ადიგენში მცხოვრებ მუსლიმ თემს არ გააჩნია სასაფლაო და მიცვალებულთა დაკრძალვა მეზობელი სოფლების მუსლიმთა სასაფლაოზე ან საკუთარი სახლების ეზოებში უწევთ. პრობლემის მოგვარების მიზნით, რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტომ მუსლიმთათვის სასაფლაოს მოსაწყობად წარმოადგინა სოფელ ადიგენში შესაბამისი ტერიტორიის გამოყოფის რეკომენდაცია. თუმცა, ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობა რეკომენდაციას არ დაეთანხმა, რასაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო მოგვიანებით, ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. ნაცემია მუსლიმთა თემის სამი წარმომადგენელი.

 

სამწუხაროდ, ამ რეგიონში პირველად არ მომხდარა განსხვავებული მრწამსის მქონე ადამიანების დევნა და მათი რელიგიური წესების აღსრულებისათვის ხელის შეშლა. აღნიშნული დარღვევები თავის დროზე სათანადოდ არ იქნა გამოძიებული, დაუსჯელობამ კი ბიძგი მისცა ახალ ინციდენტს რელიგიურ ნიადაგზე, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ საზოგადოებაში განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანების ერთობლივ თანაცხოვრებას.

 

სახალხო დამცველი ყურადღებით აკვირდება განვითარებულ მოვლენებს და ადგილობრივ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებას ურჩევს, რათა ვითარება არ დაიძაბოს და რელიგიური შუღლი უფრო ფართო მასშტაბით არ გაღვივდეს.

 

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა გონივრული საშუალება დაძაბულობის თავიდან არიდებისა და ვითარების განმუხტვის მიზნით. ასევე მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, უმოკლეს ვადაში გამოიძიოს ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, რადგან დაპირისპირება და სამართალდამცავების დაგვიანებული ან არაჯეროვანი რეაგირება კიდევ ერთხელ არ გახდეს ძალადობის წახალისების საფუძველი", - ნათქვამია განცხადებაში. 


 

right_banner
არქივი
right_banner