logo_geo
eng_logo
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე ოლივიე რუსო: საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცება არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის
- +

28 სექტემბერი. 2020. 14:02

 

 

საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა. საინვესტიციო პოლიტიკა განსაზღვრავს საპენსიო აქტივების ინვესტირების გრძელვადიან სტრატეგიას. დოკუმენტი შეიმუშავა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ, ხოლო დოკუმენტის შესაბამისობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონთან დაადასტურა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

 

საპენსიო სააგენტოს ცნობით, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი წარმოადგენს საინვესტიციო საქმიანობის მთავარ საინვესტიციო დოკუმენტს და განსაზღვრავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის საინვესტიციო მიზნები, რისკების მართვა და საინვესტიციო პროცესები.

 

„საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, საინვესტიციო მიზანს წარმოადგენს ინვესტიციებიდან დადებითი რეალური ამონაგების მიღება (ინფლაციის გათვალისწინებთ) 95 პროცენტი და მეტი ალბათობით, აგრეთვე, საჭირო ლიკვიდურობის შენარჩუნება და საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია. ამ მიზნების შესაბამისად განისაზღვრა ბენჩმარკ (სამიზნე) პორტფელი და რისკის ლიმიტები.

 

საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით გაძლიერდა რისკების მართვის მიდგომა. რისკების მართვაში საპენსიო სააგენტო იყენებს დაცვის სამი ხაზის პრინციპს, რაც საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტია. პირველ ხაზს წარმოადგენს თავად საინვესტიციო სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია საინვესტიციო პროცესში წარმოქმნილ საინვესტიციო და საოპერაციო რისკებზე და მათ მართვაზე. მეორე ხაზი არის მთავარი რისკის ოფიცერი, რომელიც დამოუკიდებლად, მუდმივ რეჟიმში ამოწმებს საინვესტიციო პორტფელის და ტრანზაქციების შესაბამისობას.

 

აუდიტის სამსახური, როგორც დაცვის მესამე ხაზი, სრულიად დამოუკიდებელ რწმუნებას იძლევა, რომ საინვესტიციო სამსახური და მთავარი რისკების ოფიცრის საქმიანობა გამართულად მიმდინარეობს.

 

„საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცება არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის. იგი მნიშვნელოვანი დოკუმენტია და განსაზღვრავს აქტივების განაწილების გრძელვადიან სტრატეგიას ნაკლებად რისკიანი პორტფელის საშუალებით, მაღალი რეალური შემოსავლიანობის მისაღწევად“, – აცხადებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე ოლივიე რუსო.

 

 

right_banner
არქივი
right_banner