logo_geo
eng_logo
სტრატეგიულ ობიექტებზე დასაქმებულები PCR-ტესტი 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ
- +

23 ოქტომბერი. 2020. 23:05

 

 

სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებს შორისაა:  სამედიცინო დაწესებულებები, ძალოვანი უწყებები, ცესკო და სხვა ოფიციალური სტრუქტურები

 

სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებების პერსონალს სიმპტომების მიუხედავად კორონავირუსზე ტესტირება 72 საათში ერთხელ ჩაუტარდება, განაცხადა ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ეკა ადამიამ.

 

ადამიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში, აღნიშნულ პირებს თვითიზოლაციაში გადასვლა არ მოუწევთ და ისინი ყოველ სამ დღეში PCR-ტესტს ჩაიტარებენ.

 

შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის №975 განკარგულებაში შევიდა.

 

„სტრატეგიულ ობიექტებზე მომუშავე პერსონალი პრაქტიკულად შეუცვლელი კადრია. იმის ნაცვლად, რომ ეს ადამიანები იზოლაციაში დავსვათ, უბრალოდ სამ დღეში ერთხელ ტესტირების საშუალებით შევეცდებით, გამოვავლინოთ, თუ მათ რამე რისკი აქვთ და დავიცვათ მათი გარშემომყოფები“, - განაცხადა ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა.

 

სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებს შორისაა:  სამედიცინო დაწესებულებები, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების სისტემები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს პროკურატურის სისტემა, საქართველოს სასამართლოები, შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, იურიდიული დახმარების სამსახური, ცენტრალური საარჩევნო კომისია და საუბნო/საოლქო კომისიები, გაერთიანებული წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკის, გაზგამანაწილებელ, სამთომომპოვებელ და სხვ.

 

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიური მაჩვენებელი ათასს გადასცდა.

 

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1759-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 24562-ს მიაღწია.

 

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9751 ადამიანი, გარდაიცვალა – 183, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4408, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3155 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner