logo_geo
eng_logo
ხულოში, 12 ჩანჩქერზე ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
- +

24 ოქტომბერი. 2020. 20:33

 

 

ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს აჭარაში ჩანჩქერებზე თოკით დაშვება სულ მალე შეეძლებათ.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა ხულოში, უჩხოს ხეობაში, 12 კასკადოვან ჩანჩქერზე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, უკვე მოეწყო 22 სადგური, სადაც თავგადასავლების მოყვარულები უჩხოს კილომეტრნახევრიანი კანიონის დალაშქვრასა და ჩანჩქერებზე დაშვებას შეძლებენ.

 

პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ევროკავშირის დაფინანსებითა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

 

„უჩხოსწყლის ხეობა გამორჩეულია კასკადოვანი ჩანჩქერების რაოდენობითა და ბიომრავალფეროვნებით, რამაც საშუალება მოგვცა, აჭარაში პირველად შეგვექმნა ტურისტული პროდუქტი კანიონერებისთვის. ჩანჩქერებიდან ყველაზე მაღალი, სადაც კანიონერები თოკით დაშვებას შეძლებენ 25 მეტრია, რაც საკმაოდ მიმზიდველი იქნება ახალი ემოციებისა და თავგადასავლების მაძიებლებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევქმნათ განსხვავებული და საინტერესო ტურისტული პროდუქტები მთიან აჭარაში, რაც სხვადასხვა კატეგორიის ტურისტის მოზიდვაში დაგვეხმარება. რაც მთავარია, ყველა პროდუქტი იქმნება ტურისტული პოტენციალის კვლევების შედეგად. ასე მოხდა, კანიონინგის შემთხვევაშიც, როცა უჩხოს ხეობაში 12 კასკადოვანი ჩანჩქერი და კანიონერებისთვის საინტერესო ტურისტული მიმართულება გამოიკვეთა“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლელა გოგუაძემ.

 

აჭარის ტურიზმის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის განვითარების მიმართულებით 2015 წლიდან მუშაობს. დღემდე, სააგენტოს მიერ მთიან აჭარაში 15 ტურისტული მარშრუტია მარკირებული. გრძელდება მუშაობა ჩირუხში ტურისტული პროდუქტის შექმნის, მთიან აჭარაში საპიკნიკე ზონების, ველობილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის პროექტის მიმართულებით.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner