logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია
- +

26 ოქტომბერი. 2020. 19:44

 

 

„საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეფექტიანი შეკავების და თავდაცვის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე. მან სიტყვით გამოსვლისას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პრიორიტეტებზე თავდაცვის სფეროს მიმართულებით, დეტალურად ისაუბრა.

 

„ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და ნატოსთან თავსებადობის გაზრდა. ჩვენ ამას განვახორციელებთ თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველყოფით, ნატოსთან თავსებადი შეიარაღებით და აღჭურვილობით. სამხედრო წვრთნებით და სწავლებებით, ინსტიტუციური განვითარებით, საერთაშორისო სწავლებების გაღრმავებით და რასაკვირველია, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფით.

 

საქართველოს სჭირდება ეკონომიკური და დიპლომატიური შეკავების კომპონენტებთან თანაფარდი თავდაცვითი შესაძლებლობები, რომლებიც მძლავრი შეკავების კომპონენტის შექმნით უზრუნველყოფს პოტენციური აგრესიის შეკავებას, ომის პრევენციას და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას. საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი სახელმწიფოს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის თავდაცვის ორგანიზება შესაბამისობაშია ალიანსის განახლებული შეკავების და თავდაცვის პრიორიტეტებთან და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ, ეფუძნება ტოტალური თავდაცვის პრინციპს.

 

ჩვენ გავაგრძელებთ ტოტალური თავდაცვის მიდგომის ინტენსიურ დანერგვას, რაც ნიშნავს თავდაცვის ეფექტიან უზრუნველყოფას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სრული ეროვნული ძალისხმევით როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო რესურსების მობილიზებით. ტოტალური თავდაცვის ეფექტიანი იმპლემენტაციის ფარგლებით, ჩვენ თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის ფარგლებში, თავდაცვის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში განვამტკიცებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის გრძელვადიანი დაგეგმვის საფუძვლებს და მშვიდობიან პერიოდში უზრუნველვყოფთ იმ მექანიზმების შექმნას, რომელიც აგრესიის შემთხვევაში შესაძლებელს გახდის მთელი ეროვნული ძალისხმევის სწრაფ და ეფექტიან მობილიზებას.

 

თავდაცვითი შესაძლებლობებისა და საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, რაც ამაღლებს ჩვენი დანაყოფების საბრძოლო მზადყოფნას და ასევე უზრუნველყოფს აღჭურვის, წვრთნის, დაკომპლექტების და შენარჩუნების მდგრადი ინსტიტუციური განვითარების შექმნას“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner