logo_geo
eng_logo
თეა ახვლედიანი: აფხაზური ენა გაქრობის სერიოზული საფრთხის წინაშეა, მისი დაცვა აფხაზურ საზოგადოებასთან ჩვენი შერიგების პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია
- +

27 ოქტომბერი. 2020. 12:48

 

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი  საზოგადოებას აფხაზური ენის დღეს ულოცავს.

 

თეა ახვლედიანის განცხადებით, აფხაზური ენის დაცვა აფხაზურ საზოგადოებასთან ერთიანობის სიმბოლოა და შერიგების პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრინციპია.

 

მისივე თქმით, აფხაზური ენა გაქრობის სერიოზული საფრთხის წინაშეა.

 

„შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აფხაზური ენის დღეს ულოცავს სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც აფხაზური მშობლიური ენაა და ვისთვისაც აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნება მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს.

 

ქართულთან ერთად, აფხაზური სახელმწიფო ენაა და მას საქართველოს კონსტიტუცია იცავს.

 

აფხაზური ენის დაცვა და განვითარება აფხაზური კულტურისა და იდენტობის შენარჩუნების გზაა, რაც კონსტიტუციურ ვალდებულებასთან ერთად, აფხაზურ საზოგადოებასთან ჩვენი ერთიანობის სიმბოლოა და შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრინციპს წარმოადგენს.

 

აფხაზურ ენას, დღესდღეობით, განსაკუთრებულად სჭირდება გაფრთხილება იმ ვითარების ფონზე, რომელიც აფხაზეთის რეგიონშია შექმნილი: რუსეთის ოკუპაციის და მიმდინარე რუსიფიკაციის პირობებში, სამწუხაროდ, აფხაზური ენა გაქრობის სერიოზული საფრთხის წინაშეა. მისი გადარჩენისა და განვითარებისკენ მიმართულია საქართველოს ხელისუფლების, ისევე როგორც აკადემიური, სამეცნიერო, კულტურული წრეების ძალისხმევა, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

 

დღეს შექმნილია კვლევითი ინსტიტუტები, აფხაზურ ენაზე გამოიცემა ლიტერატურული ნაწარმოებები, დაწყებითი და ზოგადი, ასევე, უმაღლესი განათლების დონეზე გახსნილია აფხაზური ენის და კულტურის შესწავლის ახალი შესაძლებლობები.

 

აღნიშნული მიზნის გარშემო საჭიროა საზოგადოების შემდგომი გაერთიანება, რაც უნიკალური აფხაზური ენის შენარჩუნებას და უფრო ფართო პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

 

აფხაზურ საზოგადოებასთან ჩვენ გვაკავშირებს ერთიანი ისტორია და კულტურა, რომლის შენარჩუნება და განვითარება არის ერთიან, ძლიერ ქვეყანაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი“, – აცხადებს მინისტრი.

 

აფხაზური ენის დღე ყოველწლიურად 27 ოქტომბერს აღინიშნება.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner