აჭარაში კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ბათუმის ოლქში მხოლოდ ერთი საჩივარია დაწერილი, რომელიც როგორც ოლქში განმარტეს, ერთ-ერთი ამომრჩევლის პირადობის მოწმობის ვადას ეხება. მათივე ინფორმაციით, ფაქტის გადამოწმების შემდეგ დარღვევა არ დაფიქსირდა.
ბათუმის ოლქში 12:00 საათის მონაცემებით, კენჭისყრაში 10,504-მა ამომრჩეველმა მიიღო მინაწილეობა, რაც საერთო რაოდენობის 7 პროცენტზე მეტია.
პირველ ტურთან შედარებით აქტივობა დაბალია. პირველ ტურში 12:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლის 16 პროცენტზე მეტი იყო მისული.
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.