logo_geo
eng_logo
Neweurope სააკაშვილზე: უპასუხისმგებლობა და უგუნურებაა, როცა ადამიანი ევროპელ კანონმდებლებს ბრალად სდებს კრემლთან შეხმატკბილებას
- +

21 ნოემბერი. 2020. 13:08

 

 

„მიეცით არჩევნების სადამკვირვებლო მისიებს შესაძლებლობა, შეასრულონ თავიანთი სამუშაო“ - ამ სათაურით აქვეყნებს მასალას შვედეთის პარლამენტის წევრი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ​ბიორნ სოდერი.

 

„ევროპის სამეზობლოში და მთელ მსოფლიოში დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუკი გვსურს თავისუფლების გავრცელების გაგრძელება, როგორც ეს ევროპაში გასული საუკუნის დიდი ნაწილის განმავლობაში ხდებოდა. ამ მიზნის მიღწევას ერთგულად ემსახურება ევროკავშირი ისევე, როგორც ეუთო და ევროპის საბჭო. და სწორედ ამ მიზნით ვმონაწილეობთ მე და ბევრი სხვა ევროპელი კანონმდებელი არჩევნების მონიტორინგის მისიებში”, - წერს ავტორი.

 

სოდერი აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მედიაში გააჟღერა უსაფუძვლო პრეტენზიები ამ ორგანიზაციების როლისა და მათი არჩევნების მონიტორინგის მისიების მისამართით.

 

„ეს პრეტენზიები უნდა გაქარწყლდეს. ოქტომბერში მე ვიყავი საქართველოს არჩევნებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის წევრი და თვალყურს ვადევნებდი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების 1-ელ ტურს - ისევე, როგორც ჩემი ბევრი კოლეგა ევროპის საბჭოდან.

 

სააკაშვილის თეორია, თითქოს რუსეთი ამ პროცესში ამა თუ იმ გზით იყო ჩართული და მართავდა ხსენებულ მისიებს, სიცრუეა და იმ პარლამენტარების შეურაცხყოფა, რომლებიც ენერგიას არ ვზოგავთ მთელ ევროპაში დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად. მისი კომენტარები ასახავს სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის (ევროპის სახალხო პარტიის სტაჟიანი წევრი) ავტორიტარულ მსოფლმხედველობას და ანტიევროპულ მიდგომას.

 

როგორც კარგად მოგეხსენებათ, ეუთოსა და ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიები არაპარტიულია: ჩვენი წევრები არიან კონსერვატორები, სოციალისტები, ლიბერალები და ასე შემდეგ. ჩვენმა მისიებმა საქართველოში ადგილზე შეაფასეს საარჩევნო პროცესი ხელმისაწვდომი საარჩევნო მონაცემების, მედიაგარემოს ანალიზის და სხვა შესაბამისი ფაქტორების საფუძველზე. ჩვენი საბოლოო შეფასებაც ეყრდნობა სწორედ ამ ფაქტორებს, ანუ დემოკრატიას და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკას.

 

საქართველოს არჩევნები არ იყო იდეალური: იყო დაბალ დონეზე კორუფციის გარკვეული ნიშნები და ყველა პროცესი არ იყო სრულყოფილი, მაგრამ მთლიანობაში არჩევნები იყო სამართლიანი და დემოკრატიული. და შედეგებთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს არავითარი ეჭვები.

 

მსგავს დასკვნებამდე მივიდნენ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლები, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ. ეუთო და ევროპის საბჭო არიან ავტორიტეტული და დიდი ხნის წინ დამკვიდრებული საერთაშორისო ინსტიტუტები. სააკაშვილის მხრიდან თავდასხმები მათ მიუკერძოებლობაზე სრულიად უსაფუძვლო და სრულიად მიუღებელია. ეს თავდასხმები ჩვენს დემოკრატიულ პროცესში ქმნიან ძალიან ნეგატიურ პრეცედენტს, რომელსაც ჩვენ არ უნდა მივცეთ ფესვების გადგმის საშუალება.

 

ყოველივე ეს მიუთითებს საგანგაშო ანტიდემოკრატიულ მახასიათებელზე, რომ სააკაშვილი არ არის მზად ქართველი ხალხის მიერ გამოტანილი ვერდიქტის მისაღებად. უფრო მეტიც, იგი დაეცა შეურაცხყოფებისა და არარეალისტური ბრალდებების დონეზე ნებისმიერი ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომელიც კი ადასტურებს არჩევნების შედეგების ფაქტს. უპასუხისმგებლობაა და უგუნურება, როცა ადამიანი ევროპელ კანონმდებლებს ბრალად სდებს კრემლთან შეხმატკბილებას. სააკაშვილმა სიტყვები უკან უნდა წაიღოს და დაუყოვნებლივ მოიხადოს ბოდიში.

 

ის, თუ რა უნდა მოხდეს ახლა, ცხადზე ცხადია: საქართველოში უნდა განხორციელდეს მშვიდობიანი და დემოკრატიული გადასვლა ახალ პარლამენტსა და ახალ მთავრობაზე. და ეს პროცესი უკვე ამოქმედებულია. ისევე, როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, საქართველოც დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე (მათ შორისაა მიმდინარე COVID პანდემია) და ქვეყანას სჭირდება ფუნქციონალურად გამართული პარლამენტი. საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის სადამკვირვებლო მისიები, ეთანხმებიან არჩევნების შედეგებს. დადგა დრო, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა კონსტრუქციულად უნდა იმოქმედონ: მათ შორის, უარი თქვან არჩევნების მეორე რაუნდის ბოიკოტირებაზე, რაც წარმოადგენს დემოკრატიული პროცესის სათანადო ფუნქციონირების შეფერხების მიზანმიმართულ მცდელობას.

 

თუკი სააკაშვილს ამის გაკეთება არ შეუძლია და ურჩევნია მედიის მეშვეობით ანტიევროპული შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება, იგი, ალბათ, უნდა გამოირიცხოს კონსტრუქციული მომავლის სურათიდან. გულწრფელად გამოვთქვამ იმედს, რომ მის კომენტარებს არ ექნება გავლენა ქართველებზე, რომლებსაც შეუძლიათ იამაყონ დემოკრატიისა და ევროპული მომავლის მიმართ ერთგულებით“ - აღნიშნავს შვედეთის პარლამენტის წევრი.

 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელს, ტინი კოქსს რუსეთის აგენტი უწოდა. ასევე, „ლელოს“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ ის კოქსთან მიმართებით ამ შეფასებას ეთანხმება.

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, დეპუტატი ტინი კოქსი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა. მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ მის მიმართ ბრალდებები მას შემდეგ გაჟღერდა, რაც კოქსმა განაცხადა, რომ „მისალოცია, არჩევნების მშვიდობიანად გამართვა, რაც ყოველთვის არ ხდება“.

 

ამასთან, მისივე თქმით, კენჭისყრისა და მომდევნო დღეს დემონსტრაციები არ არის მომწიფებული დემოკრატიისა და იმის ნიშანი, რომ პატივს სცემ ამომრჩევლის გადაწყვეტილებას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner