logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის დროული ამოქმედება და ჩართულობა, რათა განხორციელდეს სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები
- +

26 ნოემბერი. 2020. 16:39

 

„ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის დროული ამოქმედება და ჩართულობა, რათა განხორციელდეს სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, აუცილებელია დროულად დაიწყოს ბიუჯეტის განხილვის პროცესი.

 

„ჩვენ გვჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა, რადგან საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება ისეთი ტიპის შეღავათების გაკეთებას, როგორიცაა მაგალითად: ტურიზმის სექტორის ქონების გადასახადისგან განთავისუფლება 2021 წელს. ასევე, საჭირო იქნება საკანონმდებლო ცვლილება და ინიციატივა იმისთვის, რომ მოხდეს ტურიზმის სექტორისთვის 4 თვით გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა. ამჟამად, ეს ვადა გადის მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს და ჩვენ ამ ვადას ტექნიკურად გავაგრძელებთ პირველ იანვრამდე. მანამდე, უნდა მოხდეს მისი საკანონმდებლო წესით გამაგრება. ზოგადად, გარდა იმ შეღავათებისა, რომელსაც სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, საჭიროა მომავალი წლის ბიუჯეტში აისახოს იმ სუბსიდიებისა და დახმარების პროგრამები, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დაიწყოს საბიუჯეტო განხილვა და 2021 წლის ბიუჯეტი დროულად იქნას მიღებული“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner