logo_geo
eng_logo
ბაჩო ოდიშარია: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაშიც ქველმოქმედების მიზნით მოვიდა და მხოლოდ ასე შეიძლება მისი დახასიათება - მისი პირადი და საჯარო ცხოვრების ყველა ცნობილი ეტაპი ქველმოქმედებას უკავშირდება და ასე დარჩება ისტორიაშიც
- +

15 იანვარი. 2021. 18:39

 

 

„პირველად, ბიძინა ივანიშვილის ფიგურის მნიშვნელობა, 2011 წელს, ჭაბუა ამირეჯიბისგან შევიტყვე. მის სახლში ერთ-ერთი სტუმრობის დროს, როდესაც ბებიაჩემი და ჭაბუას მეუღლე, ქალბატონი თამრიკო პოლიტიკურ სჯა-ბაასში იყვნენ შეჭრილები, ეგზისტენციურ კითხვაზე თუ როგორ უნდა გადარჩენილიყო ქვეყანა სააკაშვილის რეჟიმისგან, ჭაბუამ, თავის დაფაზე დაწერა - ბიძინა ივანიშვილი, ძახილის ნიშანი. იქიდან გამომდინარე თუ რამდენად დიდი ავტორიტეტი იყო ჩემთვის ჭაბუა ამირეჯიბი, მისმა პოზიციამ ავტომატურად გამოიწვია ჩემში დაინტერესება და კეთილგანწყობა ივანიშვილის ფიგურისადმი. იმავე წელს, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა. მას არ ჰქონია ამის გარდაუვალი აუცილებლობა, შეეძლო ნებისმიერ ქვეყანაში უმაღლესი კომფორტის და ნაკლები თავის სატკივარის გარეშე გაეგრძელებინა ცხოვრება და ქველმოქმედება, ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების, კულტურის თუ საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებით, რითაც მხოლოდ მადლიერებას მიიღებდა ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მქონე ჩვენი მოქალაქისგან. თუმცა ის საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, ჩაება პოლიტიკურ ბრძოლაში და საბოლოოდ დაასრულა ავტორიტარიზმი საქართველოში. კოალიცია ქართულ ოცნებას პირველ რიგში სწორედ მის გამო მივეცი ხმა, რადგან ის იყო ადამიანი, რომელიც გამოვიდა საკუთარი კომფორტის ზონიდან და დაუპირისპირდა რეჟიმს ისე, რომ ამის პირადი საჭიროება არ ჰქონია“,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია ვიდეობლოგში „ბაჩო ოდიშარიას რევოლვერი“ საუბრობს.

 

როგორც ბაჩო ოდიშარია მიიჩნევს, ბიძინა ივანიშვილის მოქმედება იყო არა ინდივიდუალური, არამედ კოლექტიური ინტერესებიდან ნაკარნახები, რაც  პოლიტიკური ლიდერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი მახასიათებელი უნდა იყოს.

 

ანალიტიკოსის თქმით, სწორედ ეს დაინახა ალბათ ჭაბუა ამირეჯიბმაც მასში და შესაძლოა თავის ლიტერატურულ გმირთანაც გაავლო პარალელები, რომელიც უანგაროდ, ხალხის დასახმარებლად, საზოგადოების ფიზიკური თუ მორალური ჩაგვრისგან თავის დასაღწევად ირჩევს მოქმედებას.

 

„საუბარი ბიძინა ივანიშვილზე, როგორც პოლიტიკოსზე, არასწორი მგონია, რადგან ის არასოდეს ყოფილა კლასიკური გაგებით პოლიტიკოსი. ეს არ ყოფილა მისი ვნება, ინტერესი, მისწრაფება, ეს იყო მისთვის გარდაუვალი საჭიროება, როგორც ერთი რიგითი ქართველისთვის, რომელმაც დაინახა, რომ მისი ქვეყანა და თანამემამულეები სისტემური ძალადობის მსხვერპლი იყვნენ და ამას მშვიდობიანი ბოლო არ უჩანდა. შესაბამისად, ის პოლიტიკაშიც ქველმოქმედების მიზნით მოვიდა და მხოლოდ ასე შეიძლება მისი დახასიათება, ის არ არის არც პოლიტიკოსი, არც „entrepreneur“, არც ბიზნესმენი, მისი პირადი და საჯარო ცხოვრების ყველა ცნობილი ეტაპი ქველმოქმედებას უკავშირდება და ასე დარჩება ისტორიაშიც. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი პრივილეგირებული სასტარტო პირობების გარეშე დაიწყო ცხოვრება და ყველა არჩეულ სფეროში, პირნათლად შეასრულა დასახული მიზანი და ყოველ ჯერზე მიაღწია გამარჯვებას, იქნებოდა ეს ფილანტროპია, ბიზნესსაქმიანობა თუ პოლიტიკა. და მიუხედავად ამ მონუმენტური მიღწევებისა, მისთვის მთავარი საზრუნავი იყო არა პირადი, არამედ საჯარო ინტერესები. ის ნებისმიერი სიტუაციაში, რამდენად ბინძურიც არ უნდა ყოფილიყო ოპონენტების ბრძოლის მეთოდები, ინარჩუნებდა ღირსებას და სიმშვიდეს, რითაც ქმნიდა ახალ სტანდარტს პოლიტიკურ დღის წესრიგსა და საჯარო ცხოვრების წესში“, - აცხადებს ბაჩო ოდიშარია.

 

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, დღეს, როდესაც ივანიშვილმა უნიკალური აქტით, საკუთარი ქონების 95 პროცენტი საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე გადაიტანა, ანუ აჩუქა ქვეყანას, ძალაუფლების ზენიტში გავიდა პოლიტიკიდან და დაუბრუნდა კერძო ცხოვრებას, ამან შერეული გრძნობები დატოვა.

 

მისი თქმით,  ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფოს დამზღვევი და რევანშისტული პოლიტიკური ძალების მობრუნებისგან მთავარი ჩამკეტი გამოაკლდა, თუმცა, საპირისპიროდ, ქვეყანას დარჩა წელში გამართული დემოკრატია, უპირობო მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებისგან და საზოგადოება, რომელმაც შეიგრძნო და გამოცადა ნამდვილი დემოკრატიის გემო და ფასი და მის უზურპაციას აღარასოდეს დაუშვებს.

 

„ბიძინა ივანიშვილი რასაკვირველია გააგრძელებს საქველმოქმედო საქმიანობას, ჩვეულ სტილში, ყოველგვარი აფიშირების და თვითმარკეტინგის გარეშე, მისი წასვლა მხოლოდ პოლიტიკურ დღის წესრიგში ჩაურევლობას ნიშნავს და არა ქართული საზოგადოების ყოველდღიურობიდან დისტანცირებას, ის კვლავ დარჩება აღდგენის, გადარჩენის, შენების ასპარეზზე, როგორც კულტურულ ჭრილში, ისე ინდივიდუალური დახმარების ფლანგზე. ამ ყველაფრისთვის და კიდევ გაცილებით მეტისთვის, რის ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს და ისედაც თითოეული თქვენგანისთვის ცნობილია, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისადმი მხოლოდ სამადლობელი სიტყვების და კეთილი სურვილების თქმა გვრჩება“, - ამბობს ბაჩო ოდიშარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner